ბაღაფში ანქვაბზე თავდასხმის გამოსაძიებლად ვადას აწესებს

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გააფრთხილა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, რომ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა ორ კვირაში გამოიძიონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თანამდებობიდან გათავისუფლებით დაემუქრა, იტყობინება ”აფსნიპრესი” 10 ივლისს.


”ეს საქმე ორ კვირაში უნდა იქნას გამოძიებული; წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავემშვიდობებით იმ ხალხს, ვინც მუშაობა არ იცის,” – განაცხადა ბაღაფშმა. 


აფხაზეთის ლიდერმა, რომელმაც ანქვაბზე თავდასხმის გამო 9 ივლისს მოსკოვში ვიზიტი შეწყვიტა, სამართდამცავები იმის გამოც გააკრიტიკა, რომ კვლავ გამოუძიებელია პრემიერის მკვლელობის მცდელობის წინა საქმეები.


”ეს ბოლო შემთხვევა არის სამართალდამცავი სტრუქტურების ცუდი საქმიანობის ლოგიკური შედეგი, რომელთაც ვერ შეძლეს გამოეძიათ წინა თავდასხმები პრემიერ-მინისტრზე,” – განაცხადა ბაღაფშმა, ”ჩვენ უნდა გვერდზე გადავდოთ ყველა სახის ვარაუდები და უარი ვთქვათ ალქაჯებზე ნადირობაზე”.


მან ასევე განაცხადა, რომ ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ”ეს არ იყო კრიმინალებს შორის გარჩევა, როგორც ამას ზოგიერთი მიიჩნევს”.


”ისინი შეეცადნენ მოეკლათ არა ანქვაბი, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობა,” – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა.


თავდაპირველად, ბაღაფშმა ანქვაბზე თავდასხმა შეაფასა, როგორც ”გარკვეული ჯგუფების” ქმედება მიმართული რეფორმებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ.


2005 წელს ანქვაბზე განხორციელებულ ორ წინა თავდასხმაში ბაღაფშმა ”კრიმინალური ელემენტები” დაადანაშაულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version