ცხინვალში აცხადებენ, რომ კვლავ სასმელი წყლის დეფიციტია

9 ივლისიდან ცხინვალში სასმელი წყლის მიწოდება მთლიანად შეწყდა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 10 ივლისს.


”რა მოხდა გაურკვეველია, რადგან ქართული მხარე კვლავ არ უშვებს ოს მუშებს წყალსადენის პრობლემურ მონაკვეთებთან,”- ნათქვამია ინფორმაციაში.


ამავე ცნობით, პრობლემა ედისი-ცხინვალის წყალსადენის თამარაშენი-კეხვის მონაკვეთზე წარმოიქმნა.

ქართული მხარე აცხადებს, რომ არანაირი ბრალი არ მიუძღვის ცხინვალში წყლის მიწოდების შეფერხებაში. დღეს ამ საკითხზე ცხინვალში ეუთო-ს საველე ოფისში უნდა ემსჯელათ, სადაც ქართველი და ოსი სპეციალისტების შეხვედრა უნდა შემდგარიყო.


”თუმცა დღეს შეხვედრაზე ოსური მხარემ უარი განაცხადა. ჩვენ გვსურდა, რომ ამ შეხვედრას არ მისცემოდა პოლიტიკური ელფერი. ახლა ვცდილობთ, რომ კვლავ შესაძლებელი გახდეს ამ პრობლემის მოგვარება”, – განაცხადეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში 10 ივლისს.


წყლის პრობლემა, რაც თბილისსა და ცხინვალს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა, ივნისის დასაწყისში დაიწყო, როცა ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სარწყავი წყლის მიწოდება შეუწყვიტა ქართულ სოფლებს ცხინვალისთვის სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტის საპასუხოდ.


თბილისის განცხადებით, ცხინვალისთვის სასმელი წყლის მიწოდება ივნისის შუა რიცხვებში აღდგა. თუმცა ცხინვალში აცხადებენ, რომ ქალაქი მთელი ამ პერიოდის მანძილზე სასმელი წყლის 70%-იან დეფიციტს განიცდიდა, რადგან  ”ქართულმა მხარემ უხარისხოდ შეაკეთა წყალსადენი”.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version