სოხუმი და თბილისი ოთხმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ

სოხუმი დათანხმდა განაახლოს უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებები ოთხმხრივ ფორმატში, იტყობინებოდა ”აფსნიპრესი” 29 ივნისს.


ეს გადაწყვეტილება ბონში 27-28 ივნისს გამართულ გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების – საფრანგეთი, გერმანია, რუსეთის, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები – ორდღიან შეხვედრაზე იქნა მიღებული. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.


ჭუბურხინჯის ოთხმხრივი შეხვედრები, რომლებიც კვირაში ერთხელ ტარდებოდა, 2006 წლის ნოემბრის შემდეგ აღარ გამართულა. ამ შეხვედრებში, სადაც კონფლიქტის ზონის აქტუალური მოვლენები განიხილებოდა, მონაწილეობას იღებდნენ ქართული და აფხაზური მხარეები, ასევე რუსი სამშვიდობოები და გაეროს დამკვირვებლები.


29 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში განაცხადა, რომ ქართული და აფხაზური მხარეების პოზიციები ”კვლავაც განსხვავდება მთელ რიგ საკითხებზე”, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხარეებმა შეძლეს შეთანხმებულიყვნენ ”უსაფრთხოებასთან, დიალოგთან და ნდობის აღდგენასთან” დაკავშირებით.


”ისინი შეთანხმდნენ განაახლონ დიალოგი კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების თაობაზე. ისინი ასევე შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელებაში, ასევე მთელ რიგ ჰუმანიტარულ საკითხებში,” – განაცხადა გაეროს დამკვირვებელთა მისიამ.

ბონის შეხვედრას რუსეთის საგარეო უწყებაც გამოეხმაურა. მოსკოვის განცხადებით, თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის შეჩერების ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ”ქართული მხარე აცხადებს რა მზადყოფნას მოლაპარაკებების განახლებაზე, პრაქტიკაში აკეთებს ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს”. ამას მოწმობს ქართული მხარის ”პროვოკაციების მრავალრიცხოვანი მაგალითებიც”.   

რუსეთის საგარეო უწყება თავის საინფორმაციო შეტყობინებაში ასევე ხაზს უსვამს აფხაზური მხარის განწობას დაიწყოს თბილისთან ”რიგი პრობლემების კონსტრუქციული განხილვა”.


სერგეი შამბა ”კმაყოფილია” მეგობარი ქვეყნების ჯგუფთან გამართული შეხვედრით.


”გამოითქვა პრეტენზიები ქართული მხარის მისამართით… მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა მოსთხოვა ქართულ მხარეს გაარკვიოს ვითარება, რომელიც დავით სიგუას გატაცებას უკავშირდება,” – განაცხადა შამბამ.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ქართულმა მხარემ კვლავაც დააფიქსირა სამი მიმართულების განვითარების საჭიროება:  უსაფრთხოების გარანტიებზე; ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე; ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და საზოგადოებრივ დონეზე კავშირების გააქტიურების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version