ლომაიას ირონიულმა გამოსვლამ დეპუტატები განარისხა

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ 29 ივნისს პარლამენტის სამთავრობო საათზე განაცხადა, რომ განცხადებები მის სამინისტროში სხვადასხვა პროგრამებზე 40 მილიონი ლარის გაფლანგვის თაობაზე ”აბსურდულია”.


ალექსანდრე ლომაია, მინისტრთა კაბინეტის გავლენიანი წარმომადგენელი, ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნით მივიდა პარლამენტში მას შემდეგ, რაც, მათი თქმით, კონტროლის პალატამ სამინისტროში ფულის გაფლანგვის ფაქტები გამოავლინა.  

თავდაცვითი გამოსვლის ნავცლად, ლომაიამ ოპონენტ დეპუტატებზე თავდასხმის ტაქტიკა აირჩია, რამაც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც კი აღაშფოთა.


”ჩემი ჩვენების შემდეგ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საპნის ბუშტებივით გახეთქავს ჩვენი ოპონენტების განცხადებებს, საზოგადოება დასვამს შეკითხვას: რატომ ვიხდით ჩვენ ფულს ოფიციალური პირების ხელფასებისთვის, თუ ისინი თავიანთ დროს ასეთ აბსურდულ განცხადებებზე ხარჯავენ?” განუცხადა ლომაიამ დეპუტატებს.


მან განაცხადა, რომ ის პატივს სცემს პარლამენტს, თუმცა იქვე დასძინა: ”მე არ მახსოვს ოდესმე პარლამენტს თუ გამოუყენებია თავისი პრივილეგია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი მოეწვია ამგვარი უაზრო მიზეზით.”


ლომაიას თქმით, ის კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემას მას ოპოზიციონერი დეპუტატები სთხოვენ, შეიძლება სამ კატეგორიად დაიყოს: ”იურიდიულად აბრუსდული”, ”ბუნდოვანი შინაარსი” და ”მფრინავი სპილოები”.


მისი თქმით, კონტროლის პალატის ანგარიში უზუსტობებით იყო სავსე. ”მაგრამ ამ ანგარიშშიც კი არ არის ნახსენები ე.წ. 40 მილიონი ლარის გაფლანგვის თაობაზე,” – განაცხადა ლომაიამ.


განათლების მინისტრმა კონტროლის პალატა გააკრიტიკა იმის გამო, რომ იქ ბევრი ”არაპროფესიონალი” მუშაობს, რომლებიც ”კორუფციულ გარიგებებში” მონაწილეობენ. ”მოხარული ვარ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა ამ ორგანოს რეფორმირება განახორციელოს,” – დასძინა მან.

პარლამენტში გამოსვლამდე, 29 ივნისს დილით მინისტრმა ლომაიამ დეპუტატებს 70 საქაღალდე გაუგზავნა, რომელიც 20 ათას ფურცლამდე დოკუმენტაციას მოიცავდა. დოკუმენტები, ლომაიას განცხადებით, მეტყველებდნენ სამინისტროს მიერ დახარჯული თანხების კანონიერებაზე. ეს ქმედება ოპოზიციამ შეაფასა, როგორც  ”დადგმული შოუ”.


ლომაიას გამოსვლამ ოპოზიციონერი დეპუტატების განრისხებული რეაქცია გამოიწვია. არც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოიწონეს მინისტრის ”დამცინავი ტონი”.


”დაბეჯითებით ვურჩევ მინისტრებს, განსხვავებული ტონი შეარჩიონ პარლამენტში გამოსვლისას, მოუხედავად იმისა, რა ტიპის შეკითხვა იქნება დასმული. მათ კორექტულად უნდა გაეცეს პასუხი,” – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ლომაიას.


თუმცა, განათლების მინისტრმა უპასუხა მას: ”თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ქალბატონო ნინო, უფლებას ვიტოვებ რომ არ დაგეთანხმოთ და სწორედ ის ფორმა შევარჩიო, რომელსაც ჩავთვლი საჭიროდ სწორედ იმ კონკრეტული პოლიტიკურ ვითარებაში ”.

ბურჯანაძეს გამეორება მოუხდა და კვლავ მოუწოდა მას მეტი თავშეკავება გამოიჩინოს პარლამენტში გამოსვლისას და დაიცვას ის წესები, რაც პარლამენტში მოქმედებს.


”შევარდნაძეს ჰყავდა კორუმპირებული და ზრდილობიანი მინისტრები, სააკაშვილს კი ჰყავს სუფთა, მაგრამ უზრდელი მინისტრები ,” – განაცხადა დეპუტატმა ნოდარ გრიგალაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან.


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა კოლეგებს, რომ ლომაიას გამოსვლა იყო პასუხი ”ოპოზიციის მიერ განათლების მინისტრის წინააღმდეგ განხორციელებულ პირად თავდასხმებზე”.   


”არასწორია, თუ ფიქრობთ [ოპოზიცია], რომ თქვენ შეგიძლიათ შეურაცხყოთ ყველა და ამაზე პასუხი არ მიიღოთ,” – განაცხადა მაჭავარიანმა.  თუმცა, მან ასევე მოუწოდა მთავრობის წევრებს თავშეკავებისკენ.


დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდან უფრო მწვავე იყვნენ შეფასებებში. მათ მინისტრის გამოსვლას ”ჯამბაზობა” უწოდეს და განაცხადეს, რომ ლომაია ”თავს აყენებს არა მხოლოდ კონტროლის პალატის, არამედ პარლამენტზე მაღლაც”.


”მე უკვე რვა წელია დეპუტატი ვარ, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ მოუყენებია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფა, როგორც ეს თქვენ დღეს გააკეთეთ,” – განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ მრეწველთა პარტიიდან.   

მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც ლომაიას უწყებაში ფინანსურ დარღვევებზე არსებულ ეჭვებს შეისწავლის.  


დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან დაიცვა განათლების მინისტრი და განაცხადა, რომ მის გამოსვლაში შეურაცხმყოფელი არაფერი იყო. 


”ყველა კითხვაზე პასუხი არის გაცემული. თავიდანვე აბსურდული იყო პოზიცია თითქოს 40 მლნ იყო გაფლანგული,” – განაცხადა კუბლაშვილმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version