ანთაძე ცხინვალს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის განცხადებით, წყალმომარაგების პრობლემიდან გამომდინარე ყველა ბრალდება, რაც თბილისის მისამართით ოსური მხრიდან ბოლო პერიოდში ისმის ”პოლიტიკური სპეკულაციაა” და არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია.


ეს განცხადება მერაბ ანთაძემ ცხინვალში სამხრეთ ოსეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრთან ბორის ჩოჩიევთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მხარეებმა კონფლიქტის ზონის მოსახლეობის წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს.


”იმის გამო, რომ ჯავიდან მილსადენში წყალი მიეწოდება მხოლოდ მესამედი და ჩადის ცხინვალში, ყველა ბრალდება, რომელიც ცხინვალის მხრიდან ამ ბოლო პერიოდში ისმოდა, არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია და ისინი [ოსური მხარე] სამწუხაროდ, გააგრძელებენ ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რადგან არ დათანხმდნენ  ერთდროული მონიტორინგი გაგვეტარებინა ჯავის გამოსასვლელში და ცხინვალში,” – განუცხადა ჟურნალისტებს მერაბ ანთაძემ ცხინვალში გამართული შეხვედრის შემდეგ.


ქართული მხარის წინადადებას წყალსადენების ერთობლივი მონიტორინგის თაობაზე დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალდებებით უპასუხა. კერძოდ, ჩოჩიევის განცხადებით, ცხინვალი წყლით არასაკმარისად მარაგდება, ქართული მხარე კი ისევ უარს აცხადებს დაზიანებულ წყალსადენთან ოსი მუშების დაშვებაზე და ირწმუნება, რომ დაზიანება თავად აღმოფხვრა.


კონფლიქტის ზონაში სასმელი წყლის მილსადენი 24 დღის წინ დაზიანდა, რის შედეგადაც ცხინვალის მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩა.


ამის საპასუხოდ, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სარწყავი წყლის მიწოდება შეუწყვიტა კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version