საქართველო სუამის პრიორიტეტებზე საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი სუამის ფარგლებში სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერების ინიციატივით გამოდის და ყურადღებას ერთობლივი სამშვიდობო ქვედანაყოფის შექმნაზე ამახვილებს.


ბაქოში 18 ივნისს სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ გაეროს და ეუთოს ეგიდით  სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა ”ხელს შეუწყობს სუამ-ის საერთაშორისო ავტორიტეტის გამტკიცებას”.


სუამის ფარგლებში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე საუბრისას ბეჟუაშვილი მიესალმა წევრი სახელმწიფოების მცდელობას მოახდინონ პოლიტიკის კოორდინირება  სეპარატიზმის პრობლემის მოსაგვარებლად. 


სუამის კიდევ ორ მთავარ პრიორიტეტად მან დემოკრატია და ეკონომიკური თანამშრომლობა დაასახელა.


”სუამის სახელმწიფოებში დემოკრატიული პროცესების განვითარება და მჭიდრო თანამშრომლობის მიღწევა ამ რეგიონული ორგანიზაციის ფარგლებში, თავის მხრივ, ქმნის პლატფორმას ჩვენი ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისა და ინტეგრაციისთვის,” – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


”სუამ-ში თანამშრომლობის ეკონომიკური შემადგენელი მიმართული უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, ერთიანი ენერგეტიკული და სატრანსპოტრო დერეფნის შექმნისკენ გამჭოლი სატრანსპორტო ტარიფების სისტემის დანერგვის, საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების უნიფიკაციისა და ჰარმონიზაციის გზით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონებიდან ევროპაში, სუამის ქვეყნების სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებით, ენერგორესურსების მიწოდების გზების დივერსიფიკაციას,” – დასძინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. 


ბაქოში 18-19 ივნისს ორდღიანი მაღალი დონის სუამის სამიტი იმართება.


გარდა საგარეო საქმეთა მინისტრებისა, სამიტის პირველ დღეს ასევე გაიმართა შეხვედრა სუამი-აშშ-ს ფორმატში. ამერიკის შეერთებული შტატები სუამის ძლიერი მხარდამჭერია ორგანიზაციის შექმნის პირველი დღიდანვე.


18 ივნისს ასევე გაიმართა შეხვედრა სუამი-იაპონიის ფორმატში. აშშ-სგან განსხვავებით, იაპონიამ სულ ცოტა ხნის წინ გამოავლინა ინტერესი ამ ორგანიზაციით. გასული წლის ნოემბერში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო ასომ მოუწოდა სუამის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ იაპონიის ახალი ინიციატივის ”თავისუფლებისა და კეთილდღეობის თაღი” ფარგლებში.


საქართველოს, უკრაინის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და მოლდოვას პრემიერ-მინისტრი სამიტის ფარგლებში პლენარულ სხდომას 19 ივნისს გამართავენ. სამიტს ასევე ესწრებიან პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტები.


ბაქოში 18 ივნისს ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამიტში მაღალი დონის და ფართო საერთაშორისო მონაწილეობა ”ადასტურებს, რომ ეს რეგიონი ისეთი ადვილად დასაჩაგრი აღარ არის”.


”ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი,”- დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version