Freedom House-ი საქართველოში დემოკრატიის დონის გაუმჯობესებას აღნიშნავს

საქართველოში დემოკრატიის დონე გაუმჯობესდა, რადგან გარკვეული პროგრესი შეინიშნება არჩევნების, თავისუფალი მედიისა და ადგილობრივ მმართველობის კუთხით, ნათქვამია აშშ-ში მდებარე Freedom House-ის მიერ 14 ივნისს გამოქვეყნებულ 2007 წლის ანგარიშში.


ანგარიშში, რომელიც ევრაზიის 29 ქვეყანაში პოლიტიკურ მოვლენებს აანალიზებს, ნათქვამია, რომ დემოკრატიის მაჩვენებელმა საქართველოში ნაცვლად 2006 წელს დაფიქსირებული 4.86 ქულისა, 2007 წელს 4.68 ქულა შეადგინა. ქვეყნების რეიტინგები და ქულები განისაზღვრება 1-7 ბალიან შკალაზე, სადაც 1 ყველაზე მაღალი ქულაა, 7 კი – ყველაზე დაბალი.


სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული მმართველობის, სასამართლო სისტემის და ამ სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის, კორუფციის, საარჩევნო პროცესის, დამოუკიდებელი მედიისა და ადგილობრივი მმართველობის კომპონენტების გათვალისწინებით დგება რეიტინგი დემოკრატიის შეფასების შესახებ.  


საქართველოს მაჩვენებლები გაუმჯობესდა მხოლოდ საარჩევნო პროცესში, დამოუკიდებელ მედიაში და ადგილობრივ მმართველობაში, ხოლო უცვლელი დარჩა სხვა დანარჩენ კრიტერიუმებში.  


ანგარიშში ნათქვამია, რომ ”არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მიმართული მტკიცე ტენდენციის და ახალი კანონმდებლობის გამო, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს უკეთესს გარემოს უქმნის”, საარჩევნო სფეროში საქართველოს რეიტინგი 4.75-დან 4.50-მდე გაუმჯობესდა.


დამოუკიდებელმა მედიამ 4.25 პუნქტიდან 4.00-ზე გადაინაცვლა. Freedom House-ი ამ პროგრესის მოტივად ასახელებს საქართველოს მთავრობის ”თანმიმდევრულ ნაბიჯებს”, რომელიც მიმართულია რეგიონებში მედიის თავისუფლების დასაცავად.

მთავრობის ”მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა” ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნის მიზნით დიდი წვლილი შეიტანა ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის რეიტინგის 5.75-დან 5.50-მდე გაუმჯობესებაში, ნათქვამია ანგარიშში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version