ცხინვალი ”დაძაბულობის განმუხტვის” მიზნით შსკ-ს სხდომის მოწვევას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენელი შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) ბორის ჩოჩიევი რეგიონში არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ცხინვალში შსკ-ს სხდომის დაუყოვნებლივ ჩატარების ინიციატივით გამოდის მხარეების სამართალდამცავი სტრუქტურების მონაწილეობით.  


შსკ-ს ქართული, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეების წარმომადგენლებისთვის გაგზავნილ წერილში ჩოჩიევმა განაცხადა, რომ თბილისი დაძაბულობას ამწვავებს კონფლიქტის ზონაში სამხედრო სიმაგრეების და ახალი გზის მშენებლობის გამო.


ცხინვალი შიშობს, რომ ქართული მხარე საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ცხინვალის სამხრეთით მდებარე ახალ გზას სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს.


თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას ”მოჩვენებითი დაძაბულობა” უწოდა. მან 15 ივნისს გზის მშენებლობა მოინახულა.


”ჩვენი მებრძოლები აქ წყნარად არიან… მინდა მადლობა გადავუხადო იმ მშენებლებს, რომლებიც მიუხედავად ამ მოჩვენებითი დაძაბულობისა, აგრძელებენ მუშაობას და აშენებენ გზას,” – განაცხადა მერაბიშვილმა.


გავრცელებული ინფორმაციით, მერაბიშვილი კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურს მარატ კულახმეტოვს შეხვდა. თუმცა, მან უარი თქვა შეხვედროდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს მიხეილ მინძაევს, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version