სააკაშვილი: საფრანგეთი საქართველოს ძალიან ძლიერი მოკავშირეა

საფრანგეთი საქართველოს ”ძალიან ძლიერი მოკავშირეა”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 13 ივნისს პარიზში თავის ფრანგ კოლეგასგან ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა შეფასდა, როგორც ”ფანტასტიური”.


”ჩვენ ყოველთვის გვქონდა საფრანგეთის ზოგადი მხარდაჭერა, მაგრამ ახლა ვითარება რადიკალურად, 180 გრადუსით შემობრუნდა და ეს მხარდაჭერა კონკრეტული გახდა ყველა, აბსოლუტურად ყველა სფეროში,”- განაცხადა სააკაშვილმა.


მან პრეზიდენტი სარკოზი შეაფასა, როგორც ”მართლაც, უკიდურესად ძლიერი პოზიციის მქონე ევროპელი პოლიტიკოსი”.


”მე ვიტყოდი, რომ ის არის ევროპის ნატურალური ლიდერი. მას ფრანგების ფენომენალური მხარდაჭერა აქვს, რაც გენერალ დე გოლის შემდეგ, არც ერთ ფრანგ ლიდერს არ ჰქონია,” – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სარკოზის ”ძალიან პრინციპული პოზიცია” აქვს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში და დასძინა, რომ ის და სარკოზი ”იზიარებენ პოზიციებს” მნიშვნელოვან საკითხებზე.


”ასეთი პოზიცია ევროპაში ადრე არც ერთ მთავრობას არ ჰქონია. ზოგად მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით და ყველასთან ვთანამშრომლობდით, მაგრამ ჩვენს მიმართ მსგავსი კონკრეტული და მკაცრი პოზიცია არავის არ გამოუხატავს,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა პარიზში, რომ შეხვედრა ”ფანტასტიური” იყო.


”ეს იყო თანამოაზრეთა შეხვედრა,” – აღნიშნა მან.


”ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიმართ,” – დასძინა ბეჟუაშვილმა.


შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა განიხილეს კოსოვოს და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები, ასევე თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.


”[საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიანიშნა თავის კოლეგას, რომ მას სურს საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერება. პირადი მეგობრობა, რომელიც ორ პრეზიდენტს აკავშირებს, [საფრანგეთის] სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ასევე შეუწყობს ხელს ამ პროცესს,” – ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, საფრანგეთის პრეზდენტი შესაძლოა შემოდგომაზე საქართველოს ეწვიოს.


შეხვედრამდე ქართულმა ტელეკომპანიებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ექს-პრეზიდენტ ჟაკ შირაკისგან განსხვავებით, სარკოზი უფრო დადებითად იქნება განწყობილი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ.  


The Wall Street Journal Online  14 ივნისს სტატიაში სახელწოდებით ”სარკოზი ახალ მეგობრებს იჩენს” წერს, რომ საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა, თავისი წინამორბედის ჟაკ შირაკისგან განსხვავებით, მიიღო პრეზიდენტი სააკაშვილი. საქართველოს პრეზიდენტი წარუმატებლად ცდილობდა, რომ შირაკთან შეხვედრა შემდგარიყო 2004 წლის შემდეგ, როცა ორი პრეზიდენტი ბოლოს შეხვდა ერთმანეთს პარიზში, იტყობინება The Wall Street Journal.


ბირთვული ენერგოპროექტები


საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში შესაძლო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს, ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.    

”[პრეზიდენტმა სარკოზიმ] განაცხადა, რომ ის გაეცნო საქართველოში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის მათ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ რაციონალურობას. პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ საფრანგეთი მზად არის ჩაერთოს ამ პროექტებში მომავალში,” – ნათქვამია განცხადებაში.


თუმცა, ამ პროექტების დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა. ინფორმაცია ამის თაობაზე არც ქართულ მხარეს არ გაუვრცელებია.


გავრცელებული ინფორმაციით, 14 ივნისს პრეზიდენტი სააკაშვილი ბირთვულ ენერგეტიკაში საფრანგეთის წამყვანი კომპანიის AREVA-ს აღმასრულებელ დირექტორს ანა ლოვერჟონს შეხვდება.


ქართული მედიის ვარაუდით, მხარეებმა შესაძლოა განიხილონ გეგმები საქართველოში ბირთვული რეაქტორის მშენებლობის თაობაზე; თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.  
 
თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში


საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სამხედრო თანამშრომლობის საკითხიც.


13 ივნისს პრეზიდენტი სააკაშვილი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჰერვ მორინს შეხვდა.


იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სამხედრო შენაერთი შესაძლოა ავღანეთში განთავსდეს ფრანგული კონტინგენტის ფარგლებში.


საქართველოს პრეზიდენტმა მარტში განაცხადა, რომ საქართველო მზად არის სულ ცოტა 100 სამხედრო განათავსოს ავღანეთში ნატოს მისიის ფარგლებში.  


”ძალიან რეალისტური იდეაა ასეულის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა საფრანგეთთან ერთად ერთ კონტიგენტში, თუმცა განიხილება სხვა ვარიანტებიც. ეს ნატოს გადასაწყვეტია,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა პარიზში.


”ჩვენ არ ვაყენებთ რაიმე წინაპირობებს ჩვენი ძალების გაგზავნის სანაცვლოდ. ჩვენ მზად ვართ იქ განვათავსოთ ჩვენი ძალები, სადაც ნატო გვეტყვის,” – განაცხადა ბრიუსელში მყოფმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ 13 ივნისს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version