თბილისში დსთ-ს ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების სხდომა იმართება

14-15 ივნისს თბილისში დსთ-ს ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელთა საბჭოს რიგით მე-5  სხდომა იმართება.


ამ ღონიშძიებაში მონაწილეობის მიზნით თბილისს 13 ივნისს რუსეთის დელეგაცია ეწვია რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ევგენი პრიმაკოვის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაშია ასევე პალატის ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთის სათათბიროს წევრი ბორის პასტუხოვი.


რუსულმა დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ სხდომა ”ძალიან სასარგებლო” იქნება და განიხილება ყველა ის ეკონომიკური ხასიათის პრობლემა, რომელიც ორ ქვეყანას შორის გართულებული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში წარმოიშვა, მათ შორის ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაშვების აკრძალვა.

”ვფიქრობ, რომ ის შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, თანდათანობით მოიხსნება,”- განაცხადა ევგენი პრიმაკოვმა.


გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში დაგეგმილ შეხვედრებზე ასევე განიხილება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების მიმართ თბილისის პოზიცია.

ქართული მხარე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების სანაცვლოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქმედი საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას მოითხოვს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version