საპარლამენტო კომისია გალში სამხედრო ბაზის მშენებლობის გეგმებს აპროტესტებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში, გალის რაიონის სოფელ პრიმორსკში რუსეთის ფედერაციის დახმარებით იწყებს სამხედრო ბაზის მშენებლობას, რაც შეიძლება ”გახდეს ვითარების სერიოზული და შეუქცევადი გამწვავების მიზეზი”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია 11 ივნისს.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მშენებლობისათვის ტერიტორიის გათავისუფლების მიზნით დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს 7 ქართული ოჯახის საკუთარი კარ-მიდამოდან გადასახლებას.


”კონფლიქტის, მით უფრო, შეზღუდული შეიარაღების ზონაში სამხედრო ბაზის მშენებლობა არის მხარეთა შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით ხელმოწერილი “ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ” მოსკოვის 1994 წლის 14 მაისის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების სერიოზული დარღვევა,”- ნათქვამია განცხადებაში.


საპარლამენტო კომისია აქვე ხაზს უსვამს, რომ სამხედრო ბაზის მშენებლობაში რუსეთის დახმარება კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში მოსკოვის მიუკერძოებულ როლს და კვლავ დაადასტურებს პოზიციას, ”კონფლიქტის ზონიდან დსთ-ის ეგიდით რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების გაყვანისა და მათი საერთაშორისო სამშვიდობო ძალებით ჩანაცვლების აუცილებლობის შესახებ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version