პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 8 ივნისს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ცვლილებები ხარჯების 600 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს. შედეგად, 2007 წელს ხარჯების საერთო მაჩვენებელი 4.6 მილიარდ ლარს მიაღწევს.


დაფინანსების უდიდესი წილი – 442 მილიონი ლარი – თავდაცვის სამინისტროზე მოდის, რის შედეგადაც 2007 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 955.3 მილიონ ლარამდე გაიზრდება, განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა დეპუტატებს 8 ივნისს.


თავდაცვის სფეროს გაზრდილი დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს შეადგენს.


შინაგან საქმეთა სამინისტრო ხარჯების გაზრდის შედეგად დამატებით 114.2 მილიონ ლარს მიიღებს, თავდაპირველად დაგეგმილი 67 მილიონი ლარის ნაცვლად.


სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის დასაფინანსებლად 12.4 მილიონი ლარია გათვალისწინებული.


დანარჩენ სფეროებზე დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა:


საგზაო ინფრასტრურის რეაბილიტაცია – 29.1 მილიონი ლარი;
განათლების სამინისტრო – 11.7 მილიონი ლარი სკოლების სარეაბილიტაციო პროექტებისთვის;
ენერგეტიკის სამინისტრო – 10.8 მილიონი ლარი ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის;      
სასაზღვრო პოლიცია – 3.5 მილიონი ლარი საზღვრის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის;
გარემოს დაცვის სამინისტრო – 370,000 ლარი;
ცენტრალური საარჩევნო კომისია – 300,000 ლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version