ცხინვალის რეგიონში წყლის მიწოდება განახლდა

7 ივნისს ცხინვალში წყლის მიწოდება განახლდა, რითიც თითქმის ორკვირიანი კრიზისი დასრულდა, იტყობინება ქართული მხარე.


სამხრეთ ოსეთის მხარემ ეს ინფორმაცია დაადასტურა; თუმცა, ცხინვალის მერმა რობერტ გულიევმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე წყლის საკონტროლო გაშვება განხორციელდა.


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა ასევე განაცხადა, რომ სისტემა უნდა შეივსოს წყლით, რათა დადგინდეს ”მილსადენი სწორად შეკეთდა თუ არა”.


”ხვალ დილით [მონიტორინგის ჯგუფი] შეამოწმებს წყალსადენს და მოსახლეობა წყლის მიღებას დაიწყებს, თუ რაიმე დაზიანება არ იქნება აღმოჩენილი,” – განუცხადა კულახმეტოვმა ჟურნალისტებს.


სამხრეთ ოსეთის მხარე აცხადებდა, რომ წყალსადენის აღდგენა იმიტომ შეფერხდა, რომ ოს მუშებს მისი შეკეთების საშუალება არ მიეცათ.


ქართული მხარის განცხადებით, წყალსადენი სამხრეთ ოსეთის დროებითმა ადმინისტრაციამ შეაკეთა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version