თბილისი ცხინვალს სანაკოევთან თანამშრომლობისკენ უბიძგებს

ოფიციალური თბილისის განცხადებით, ცხინვალის უარი ითანამშრომლოს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან არის რეგიონში არსებული წყლის კრიზისის მიზეზი.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 5 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი 31 მაისს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რეგიონში ”წყლის მთლიანი სისტემის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის ერთობლივი ძალისხმევა იყო საჭირო”. 


”ამ მიზნით ეუთომ განახორციელა [წყალსადენზე] ერთობლივი მონიტორინგი დროებითი ადმინისტრაციის სპეციალისტების მონაწილეობით. თუმცა, ცხინვალმა უარი თქვა უკვე დაწყებული თანამშრომლობის გაგრძელებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს სურს, რომ ცნოს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია წყლის პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ.


”ეს აბსურდული და აბსოლუტურად დაუშვებელი მოთხოვნაა”, – ნათქვამია განცხადებაში.  


სამხრეთ ოსური მხარე აცხადებს, რომ თბილისი არ აძლევს ოს მუშებს საშუალებას ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებზე გამავალი წყალსადენი შეაკეთონ. ამ დაზიანების შედეგად ცხინვალი უკვე თითქმის ორი კვირაა სასმელი წყლის გარეშე რჩება. თავდაპირველად წყალსადენი  მოსახლეობის მიზეზით დაზიანდა, რომელთაც მილი განგებ გახვრიტეს, რათა ის სარწყავად გამოეყენებინათ, თუმცა ამის შემდეგ დაზიანებას ქარიშხალმაც შეუწყო ხელი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version