სსფ მიესალმება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას

საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კვლავაც შთამბეჭდავია რუსეთის ეკონომიკური ემბარგოს მიერ გამოწვეული საგარეო შოკის მიუხედავად, განაცხადეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 1 ივნისს.


ჯონ ვეიკმან-ლინის ხელმძღვანელობით სსფ-ს მისიის საქართველოში ვიზიტის მიზანი იყო ბოლო პერიოდში განვითარებული ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა და ფონდის “სიღარიბის დაძლევისა და ზრდის პროგრამის” ფარგლებში მთავრობის ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის მეექვსე, საბოლოო შეფასება.


წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკა 9,4 პროცენტით გაიზარდა გასულ წელს, 2007 წელს კი ნავარაუდევია მისი 10 პროცენტით ან მეტით ზრდა, აცხადებს სავალუტო ფონდის მისია.


2006 წლის ბოლოს ინფლაცია 8,8 პროცენტი იყო, 2007 წლის მაისის ბოლოს მდგომარეობით კი, თორმეტი თვის ინფლაცია 7,3 პროცენტია.


”2006 წლის შუა პერიოდიდან ინფლაციური ზეწოლის შემცირება ადასტურებს ხელისუფლების ვალდებულებას, შეინარჩუნოს ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე,” – აცხადებს მისია.


კერძოდ, მისიამ მთავრობას მოუწოდა 2007 წელს მიზნად დაისახოს შემცირებული ფისკალური სტიმული ფისკალური პოლიტიკის გამკაცრების ხარჯზე.


2006 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ”მნიშვნელოვნად გაიზარდა”, პროგნოზით კი მისი კიდევ უფრო ზრდაა გათვალისწინებული – 2007 წელს იგი მშპ-ს 20 პროცენტი იქნება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაღალი მაჩვენებელი ძირითადად იმპორტის სწრაფი ზრდის მანიშნებელია.


სსფ-ს მისიამ ასევე აღნიშნა, რომ კომერციული საბანკო სექტორი კვლავაც ძლიერია, თუმცა გააფრთხილა, რომ ბანკების მიერ დაკრედიტების სწრაფი ექსპანსია მაინც ”ყურადღებით თვალყურის დევნებას” საჭიროებს.


ამ კონტექსტში, მისიამ ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version