კოჯრის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცები გაიქცნენ

კოჯორში მდებარე სამხედრო ბაზიდან 31 მაისს საღამოს ოცამდე ჯარისკაცი გაიქცა. ინფორმაცია ამის თაობაზე უკვე დაადასტურა თავდაცვის სამინისტრომ.  


ოფიციალური ინფორმაციით, მათი უმეტესობა დღის ბოლოს უკანვე დაბრუნდა.


”ამჟამად ინციდენტი ამოწურულია… სამხედრო პოლიცია იძიებს საქმეს და ყველაფერი გაირკვევა. ყველა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, მკაცრად დაისჯება,”- განუცხადა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ ჟურნალისტებს 31 მაისს.


თუმცა, ჯარისკაცების გაქცევის მიზეზებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.


”მათ ამის გასაკეთებლად მიზეზი არ ჰქონდათ… ყველა მათგანი სავალდებო სამხედრო სამსახურს იხდიდა და მათი სამსახურის ვადა რამდენიმე დღეში იწურებოდა. როგორც ხვდები, მათ ბაზის დატოვება რამდენიმე დღით ადრე განიზრახეს,” – განაცხადა გოგავამ.


კოჯრის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სამინისტროს ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმია განლაგებული. თუმცა, გოგავას განცხადებით, იმ ჯარისკაცებს, რომლებიც გაიქცნენ, ამ რაზმთან არაფერი აქვთ საერთო.


”ისინი [ბაზის] დაცვის შენაერთის ნაწილს წარმოადგენენ”, – დასძინა მან.


ანალოგიური ინციდენტი კოჯრის სამხედრო ბაზაზე 2006 წლის მაისშიც მოხდა, როდესაც 70-მდე ჯარისკაცი გაიქცა. მაშინ სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები აპროტესტებდნენ სარდლობის გადაწყვეტილებას დაესაჯათ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ნაწილში ალკოჰოლური სასმელის მიღების გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version