დეპუტატებმა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ კანონპროექტი I მოსმენით მიიღეს

პარლამენტმა 106 ხმით 10-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა პრეზიდენტის ინიციატივა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზ) თაობაზე, რომლის შექმნაც პირველ ეტაპზე ნავარაუდევია პორტებსა და აეროპორტებში ფოთში, თბილისსა და ბათუმში.


ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა კანონპროექტის წარდგენის დროს განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ  მთავრობას ასევე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ”ასეთი ზონის გურიაში ან კახეთში შექმნის შესახებაც”.


”თუმცა კონფლიქტურ რეგიონებში, პირველ ეტაპზე, ასეთი ზონების შექმნა არ იგეგმება, ეს არის პრეზიდენტისა და მთავრობის  პოზიცია, ”- განაცხადა მან.


კანონპროექტში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ ნათქვამია, რომ 10 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე შესაძლოა შეიქმნას ასეთი ზონა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თავად მთავრობისა ან იურიდიული და კერძო პირების ინიციატივის საფუძველზე. ამგვარ მულტისავალუტო ზონაში მოქმედი უცხოური კომპანიები მოგებისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან, ასევე მათ მიერ განხორციელებული ოპერაციები არ დაიბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით. თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტი დანარჩენ საქართველოში გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან. 


ქიტოშვილის განცხადებით, თიზ-ი იქმნება სამი მოლოდინით: ეკონომიკური ზრდა, დასაქმების ხელშეწყობა და ზონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარება.


”პრაქტიკაში არსებობს ასეთი ზონების  წარმატებული და ნაკლებად წარმატებული ვარიანტები და არ არსებობს შემთხვევა, სადაც ამ ზონას საფრთხე შეუქმნია ან რამე დაუნგრევია,”- განაცხადა მან.


თიზ-ის ირგვლივ მოსაზრებები გაყოფილია, როგორც მმართველ ფრაქციაში, ისე ოპოზიციონერ დეპუტატებშიც. ოპოზიციის ნაწილმა გამოთქვა შიში იმის თაობაზე, რომ თიზ-მა შესაძლოა ფულის გათეთრებისა და სხვა უკონტროლო, არაკანონიერი ოპერაციების საფრთხე შექმნას.


”[ფულის გათეთრების] დიდი საფრთხეები არ ჩანს, მითუმეტეს, რომ აკრძალულია ისეთი საწარმოების დარეგისტრირება, როგორიცაა ბანკები, რისი მეშვეობითაც, როგორც წესი, ადგილი აქვს ასეთ ოპერაციებს,”- განაცხადა ქიტოშვილმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ თიზ-ში მოქმედი საწარმოებზე არ განხორციელდება არანაირი ფინანსური კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან. 
 
კანონპროეტის თანახმად, თიზ-ზე არ გავრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობა, თუმცა მასზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს მთავრობა, მათ შორის მართლწესრიგის კუთხით.

კანონპროექტს, რომელის ამოქმედებაც 1 სექტემბრიდან არის გათვალისწინებული, პარლამენტი უახლოეს ხანებში საბოლოოდ მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version