ომბუდსმენი შსს-ს მაღალჩინოსნისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდის) უფროსის ირაკლი კოდუას სამსახურებრივი უფლებამოსილების დროებითი შეჩერება მოითხოვა, რადგანაც, მისი თქმით, ეს უკანასკნელი უდანაშაულო პირების დაპატიმრებაში, წამებასა და მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში მონაწილეობდა.
 
პრესკონფერენციაზე საუბრისას სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ საქმე ეხება სოდის მიერ სამი პიროვნების დაკავებას მესტიის რაიონში 2007 წლის თებერვალში. სამივე მათგანს იარაღის და ნარკოტიკების უკანონო ტარებასა და შენახვაში დასდეს ბრალი. თუმცა, ორი მათგანი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც თითოეულს 5 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს საპროცესო შეთანხმების შედეგად. მესამე პიროვნება, ლაშა ხორგუანი ორ თვეში გაათავისუფლეს. მასაც 5 წლით პირობით სასჯელი  შეეფარდა. სუბარის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ სამი პიროვნების წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები სამართალდამცავების მიერ იქნა გამოგონილი.
 
სამი პიროვნების დაპატიმრების მოტივი იყო ირაკლი კოდუას პირადი შურისძიება, განაცხადა სახალხო დამცველმა.
 
ყველაფერი გამოიწვია ხორგუანის მობილური ტელეფონიდან მისი მეგობრის მიერ ღამის 3 საათზე მობილური ტელეფონზე გაშვებულმა სატელეფონო ზარმა, რომელიც კოდუას ნაცნობის, ”რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტის და ამჟამად ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ნანუკა ჟორჟოლიანის აღმოჩნდა. გვიან განხორციელებულმა ზარმა ჟორჯოლიანი გააბრაზა და მან ამის შესახებ კოდუას აცნობა, რასაც შედეგად მოყვა დილას ხორგუანის და მისი ორი თანმხლები პირების დაპატიმრება. ეს ორი მალევე გაათავისუფლეს, თუმცა თავად ხორგუანი ორი თვე პატიმრობაში დარჩა, რადგანაც სამართალდამცავებს იმ პიროვნების სახელის გაგება სურდათ, ვინც ზარი განახორციელა.
 
”ლაშა ხორგუანი მკაცრად გააფრთხილეს, რომ თუ რამეს გაბედავდა, მისი ქმედებების გამო პასუხს მისი ოჯახის წევრები აგებდნენ. მიუხედავად ამისა, ამ საქმეში საჯარო ინტერესი იმდენად მაღალია, რომ არანაირი, არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ მაქვს, ეს დანაშაული დავფარო,” – განაცხადა სუბარმა.
 
”მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ ზურაბ ადეიშვილს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. ასევე, იმსჯელოს გამოძიების დასრულებამდე შესაბამისი პირებისათვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერებაზე”, – დასძინა მან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version