საქართველომ შესაძლოა ჩეხური თვითმფრინავები შეიძინოს

ჩეხეთის რესპუბლიკა მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან სულ ცოტა ათი L-159 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის მიყიდვის თაობაზე, იტყობინება ჩეხური საინფორმაციო სააგენტო CTK 13 მაისს.


მომდევნო ორ თვეში გახდება ცნობილი იყიდის თუ არა საქართველო L-159 ტიპის თვითმფრინავებს, იტყობინება CTK ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარტინ ბარტაკის სიტყვებზე დაყრდნობით.


ბარტაკი ჩეხეთის იმ დელეგაციის წევრი იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრის მირეკ ტოპოლანეკის ხელმძღვანელობით 10-12 მაისს საქართველოს ესტუმრა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან.


ჩეხეთის მთავრობის ბიზნეს პარტნიონი საქართველოსთან მიმართებაში არის კომპანია Omnipol.


Omnipol-ის გენერალურმა დირექტორმა მიხალ ჰონმა განაცხადა, რომ მიუხედავად ქართული მხარის დაინტერესებისა, ჯერჯერობით უცნობია შედგება თუ არა გარიგება, იტყობინება CTK.     


ჩეხეთის არმიამ 1997 წელს სულ 72 L-159 ტიპის თვითმფრინავი შეიძინა. ამ თვიმფრინავების მწარმოებელია ქარხანა Aero Vodochody-ია.


ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2004 წელს მთავრობამ 47 თვითმფრინავის გაყიდვა გადაწყვიტა. 


კიდევ ერთი ჩეხური საინფორმაციო სააგენტო Prague Daily Monitor იტყობინება, რომ ჩეხურმა ქარხანამ Ceska Zbrojovka მიაღწია წინასწარ შეთანხმებას საქართველოსთან 4,000 ცეცხლსასროლი იარაღის მიყიდვის თაობაზე. თუმცა, საბოლოო შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა, განაცხადა ქარხნის წარმომადგენელმა ლუბომირ კოვარიკმა, რომელიც ჩეხეთის დელეგაციასთან ერთად ასევე სტუმრობდა საქართველოს.


ამავე ინფორმაციის თანახმად, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ტოპოლანეკმა თბილისში ვიზიტის დროს განუცხადა თავის ქართველ კოლეგას ზურაბ ნოღაიდელს, რომ მისი მთავრობა არ იქნება წინააღმდეგი ლიცენზიის გაცემაზე ჩეხური იარაღის მწარმოებელი ქარხნისთვის, რათა ამ უკანასკნელმა იარაღი საქართველოს მიაწოდოს. 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაძლო გარიგებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ 2007 წლის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 513.2 მილიონი ლარიდან 957.8 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.


თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ნიკოლეიშვილმა 1 მაისს დეპუტატებს განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დამატებითი დაფინანსების უმეტესი ნაწილი იარაღის და საბრძოლო მასალების შესყიდვას მოხმარდება.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version