მოსკოვი ცხინვალს შეთანხმებების ”სერიოზულ დარღვევაში” ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მიხეილ კამინინი სამხრეთ ოსური მხარის მიერ არსებული შეთანხმებების ”სერიოზულ დარღვევად” აფასებს კონფლიქტის ზონაში კვირის დასაწყისში რუსი სამშვიდობოებისა და ეუთოს დამკვირვებლების მიმართ საზენიტო იარაღის აღმოჩენისას გაწეულ წინააღმდეგობას.


ინციდენტი 7 მაისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მონიტორინგისას მოხდა, როცა ეუთოს დამკვირვებლებს და შერეული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს სამმა შეიარაღებულმა პირმა, მათი განცხადებით, ოსმა მილიციონერებმა იარაღის მუქარით საფრთხე შეუქმნეს მას შემდეგ, რაც აღმოჩენილ იქნა საზენიტო იარაღი Zu-23-2 და გადასატანი საზენიტო დანადგარი ”სტრელა-2”. ეს ინციდენტი უკვე დაგმეს ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ მიგელ ანხელ მორატინოსმა და ოფიციალურმა თბილისმა.


რუსული მხარე აცხადებს, რომ იზიარებს ამ შეშფოთებას.


”ასეთი დარღვევები არ უწყობს ხელს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას… იარაღის გამოყენება მონიტორინგის ჯგუფის  – სამშვიდობო ძალებისა და ეუთოს დამკვირვებელთა მიმართ, როცა ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათს ატარებს,”- იტყობინება 11 მაისს რუსეთის საგარეო უწყება კამინინის სიტყვებზე დაყრდნობით.


კამინინი იმედს გამოთქვამს, რომ ცხინვალის ხელისუფლება გაარკვევს მომხდარ ინციდენტს და დასჯის დამნაშავე ”თანამშრომლებს”, რომლებიც ”როგორც ჩანს, საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ”.


იმავდროულად, რუსული მხარე ხაზს უსვამს, რომ საზენიტო დანადგარების ”სწრაფად აღმოჩენა” კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობოების ეფექტურობაზე მეტყველებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version