პარლამენტმა პარტიების სახელმწიფო დაფინანსების ახალ წესს მხარი დაუჭირა

დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 118 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ წესს, რომლის მიხედვითაც ისინი 2007 წლის 1 ოქტომბრიდან, როცა კანონში ცვლილებები ძალაში შევა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაზრდილ დაფინანსებას მიიღებენ.


კანონპროექტით იქმნება სახელმწიფო დაფინანსების ახალი ფორმულა  – ე.წ  საბაზისო დაფინანსება. ნებისმიერი პარტია, რომელიც გადალახავს 4% -იან ბარიერს საპარლამენტო და 3%-იან ბარიერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოიპოვებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბაზისო დაფინანსების უფლებას 150 ათასი ლარის ოდენობით.


ამ დაფინანსებას მიიღებენ: ნაციონალური მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები, მრეწველები, ლეიბორისტები, პარტია თავისუფლება,  რესპუბლიკელები, კონსერვატორები.


აღნიშნული ფორმულის მიხედვით სახელმწიფო დაფინანსების გარეშე სხვა პარტიებთან ერთად ასევე რჩება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პარტია საქართველოს გზა. 


ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას, რომელიც მოქმედ დაფინანსების წესში მმართველ პარტიასა და ოპოზიციური პარტიებს შორის არსებულ დისბალანსს აღმოფხვრის და მათ თანაბარ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენებს.


კერძოდ, პარტია, რომელმაც პარლამენტის პროპორციულ არჩევნებში 50-ზე ნაკლები დეპუტატი გაიყვანა, 600 ლარს მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 50 დეპუტატზე  – ზევით 200 ლარს.  აგრეთვე, 200 ათასზე მეტი ან ნაკლები ხმის მიღების შემთხვევაში, პარტიას თითოეულ მოპოვებულ ხმაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა შესაბამისად, 1,5 ლარი და 1 ლარი.


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტში საერთოდ უქმდება ანონიმური დაფინანსების მცნება, რის შესაძლებლობასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. 


წარმოდგენილი პროექტი ასევე ამკვიდრებს უნაღდო ანგარიშსწორების პრინციპს. კერძოდ, 300 ლარზე ზევით შემოწირულობა პარტიას შეუძლია მხოლოდ საბანკო გადარიცხვების მეშვეობით მიიღოს.


ასევე შემოდის საჯარო ღონისძიების მეშვეობით დაფინანსების ახალი პრინციპი, რომლის ფარგლებშიც დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი 30 ათასი ლარით განისაზღვრა.


დაფინანსების ახალი წესი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე დისკუსიის შედეგია. ამ პროცესში აქტიურად იყო ასევე ჩართული ევროპის საბჭო.


”ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვიმუშვეთ და პრაქტიკულად მოვახერხეთ ძირითად საკითხებში შეთანხმება,”- განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა უმრავლესობიდან რატი სამყურაშვილმა 10 მაისს საპარლამენტო განხილვის დროს. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version