კოკოითი მოლაპარაკებების პროცესიდან შესაძლო გასვლის შესახებ საუბრობს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებით, ცხინვალმა შესაძლოა უარი თქვას თბილისთან მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაზე იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე გააგრძელებს არსებული მოლაპარაკებათა ფორმატის დაკნინებას.


დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული მხარის მცდელობა გაზარდოს დიმიტრი სანაკოევის როლი მიზნად ისახავს ოსური საზოგადოების გახლეჩას, რაც თავის მხრივ დაძაბულობას გამოიწვევს რეგიონში.


”საქართველოს ყველა ქმედება სამხრეთ ოსეთის მიმართ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ არ აქვთ სურვილი მშვიდობიანი გზით იარონ სიტუაციის გადაწყვეტამდე. საქართველო აგრძელებს დაძაბულობის ესკალაციას ოსური მხარის პროვოცირებით, მოლაპარაკებათა პროცესის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კონკრეტული და რეალური ინიციატივების იგნორირებით,”- იუწყება 8 მაისს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით. 


”სამხრეთ ოსეთისთვის მისაღებია მხოლოდ ცივილიზებული დიალოგის გზა, სხვა შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით გადავხედოთ ჩვენს შემდგომ მონაწილეობას მოლაპარაკებების პროცესში… საქართველოში არავინაა ისეთი, ვისთანაც შეიძლება მოლაპარაკებების წარმართვა და სიტუაციიდან ნორმალური გამოსავლის ძიება,-”- აცხადებს კოკოითი.


ცხინვალი მოლაპარაკებათა პროცესის შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში გაგრძელებას ემხრობა მაშინ, როცა ქართული მხარე ამ დიალოგისთვის მზადაა, თუმცა აცხადებს, რომ ეს ფორმატი უსამართლოა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version