სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერი პარლამენტში სიტყვით გამოვა

სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერი დიმიტრი სანაკოევი 11 მაისს საქართველოს პარლამენტში მიიწვიეს, რასაც, სავარაუდოდ, მოყვება თვითგამოცხადებულ რეგიონში დროებითი ადმინისტრაციის ფორმირება და პრეზიდენტის ამ ინიციატივის ლეგალიზაციის პროცესის დასრულება.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 მაისს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ”დროა სიტყვიდან საქმეზე გადასვლა” და სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა. 


”ამ დღეებში პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და პარლამენტართა ჯგუფი, მათ შორის ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ მოლაპარაკებებს ცხინვალის რეგიონის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან აწარმოებდნენ. დროებითი ადმინისტრაციული ერთეული გარდამავალი ფორმის ერთეულია, რომელიც თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მიზნად ისახავს სრულფასოვანი ავტონომიის ჩამოყალიბებას და კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებას. ვთვლი, რომ დადგა დრო საბოლოოდ გადავიდეთ სიტყვებიდან საქმეზე და ეს საკითხი პარლამენტში გავიტანოთ. სწორედ ამისათვის იყო საჭირო ამ პროცესებში პარლამენტარების ჩართვა, ვინაიდან ეს არის არა აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ საერთო ეროვნულ-პოლიტიკური ფორუმი, სადაც მონაწილეობას პარლამენტი და ყველა პოლიტიკური ძალა მიიღებს,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას 4 მაისს სტუმრობდა და სოფელ ქურთაში დიმიტრი სანაკოევს შეხვდა, დღეს ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს მიაწოდა.   


”ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან სერიოზულ ადამიანებთან, რომლებსაც ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რაც მათ დააკისრეს იმ ადამიანებმა, ვინც მიიღეს ე.წ არჩევნებში მონაწილეობა,” – განაცხადა ბურჯანაძემ.


სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება და რუსული მხარე სანაკოევის ადმინისტრაციას თბილისის ”მარიონეტულ მთავრობას” უწოდებენ.


ბურჯანაძემ დაგმო ეს განცხადება და მას ”სასაცილო” უწოდა.  


”იმიტომ, რომ მოლაპარაკებების პროცესში ამ ადამიანებმა ჩემთან დააყენეს ძალიან კონკრეტული საკითხები დაწყებული ავტონომიის სტატუსიდან, სახელწოდებით, კომპეტენციის ფარგლებით, როგორი იქნება ადგილობრივი ორგანოების დამოკიდებულება ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ორგანოებთან, როგორი იქნება ბიუჯეტი, რა პროექტები განხორციელდება ანუ ძალიან საქმიანი, კონკრეტული საუბრები”, – განაცხადა ბურჯანაძემ.


მისი თქმით, მას სურდა, რომ სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითსაც შეხვედროდა, თუმცა ”მან უარყო ეს შემოთავაზება”.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავისთავად შეთავაზება კოკოითისთვის მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე უკვე არის ”განსაკუთრებული”.


”ეს არის ადამიანი, რომელსაც ღიად განხორციელებული აქვს ძალადობა და აპირებს მომავალშიც  იგივეს კეთებას. და მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ მასთანაც კი ვილაპარაკოთ, თუმცა მე ვიცი, რომ თვითონ ის ამ გადაწყვეტილებას მაინც ვერ მიიღებს,” – განაცხადა სააკაშვილმა. 
 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version