ბეჟუაშვილი: არ ვმონაწილეობთ დისკუსიებში აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ აწარმოებს რაიმე სახის მოლაპარაკებებს აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების თაობაზე და არც გეგმავს ამ საკითხის ირგვლივ საუბარს.


მან ”არასწორად გაგებული” ან ”გაუგებრობა” უწოდა ბრიტანულ გაზეთ “Financial Times”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებების ინტერპრეტაციებს.


”ჩემი ციტატების ცალკეული ფრაგმენტები კონტექსტიდან მოწყვეტილად გავრცელდა, ”- იტყობინება 4 მაისს საგარეო უწყება ბეჟუაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.


”ჩემს ინტერვიუში მე აღვნიშნე, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და არც გვაქვს დაგეგმილი ვინმესთან საუბარი ამ საკითხის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ არ ვმონაწილეობთ რაიმე დისკუსიებში ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სპეკულაცია ამ საკითხის ირგვლივ არის კონტრპროდუქტიული,”- განაცხადა ბეჟუაშვილმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version