2007 წელს თავდაცვის ბიუჯეტი თითქმის მილიარდ ლარს მიაღწევს

2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტი 513.2 მილიონი ლარიდან 957.8 მილიონ ლარამდე გაიზრდება.


ცვლილება, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 1 მაისს განიხილა, ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას 641 მილიონი ლარით. ხარჯების ძირითადი ნაწილი – 444,6 მილიონი ლარი – თავდაცვის სამინიტროზე მოდის.


ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება საქართველოს ისტორიაში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს. 2006 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტმა 604.7 მილიონი ლარი შეადგინა.


ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 1 მაისს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე პრეტენზიები გამოთქვეს თავდაცვის ბიუჯეტის გაუმჭირვალობასთან დაკავშირებით, რადგანაც, მათი თქმით, შემოთავაზებული ცვლილება არ უზრუნველყოფს ხარჯების დეტალურ სქემას. მასში მხოლოდ ნათქვამია, რომ გაზრდილი ბიუჯეტი შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებზე გადაყვანის, ერაყში ქართული სამშვიდობო კონტიგენტის დაგეგმილი ზრდის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის არის საჭირო.


თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ნიკოლეიშვილმა 1 მაისს დეპუტატებს განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დამატებითი დაფინანსების ძირითადი ნაწილი იარაღის და საბრძოლო მასალების შესყიდვას, ხოლო 60 მილიონი ლარი სამხედრო ოფიცრებისთვის სახლების და ყაზარმების მშენებლობის პროგრამას მოხმარდება.


გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯებიდან 67 მილიონი ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხმარდება.            


12 მილიონი ლარი განათლების სამინისტროსთვის გამოიყოფა სკოლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ხოლო 20 მილიონი ენერგოსექტორის რეაბილიტაციის პროექტებს მოხმარდება.


30 მილიონი ლარი ქვეყნის საგარეო ვალების მომსახურებისთვისაა გათვალისწინებული.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version