ისტორიულ უბნებში მოსაკრებელს სპეციალური კანონი დაარეგულირებს

საქართველოს პარლამენტმა 27 აპრილს ”პროცედურული საკითხების” მოტივით თავი შეიკავა “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრისაგან, რომელიც ქალაქის ისტორიული უბნების მოსახლეობისთვის მოსაკრებლის დაწესების პრინციპს ითვალისწინებს. დეპუტატები ამ საკითხს პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის პარალელურად იხილავდნენ.


აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ  კენჭისყრა აქციის შიშით გადაიდო და მოუწოდა მოსახლეობას აქციებში კვლავ მიიღოს მონაწილეობა. თუმცა მმართველმა უმრავლესობამ უარყო ეს ვარაუდი.


”შეუძლიათ სპეციალური აქცია მიუძღვნან კენჭისყრას, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მაინც მივიღებთ,”- განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.  


”არანაირი შეშინება და აქციები არაფერ შუაში არ არის, აქ საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ სადაო კანონპროექტთან დაკავშირებით არ გაჩენილიყო დამატებითი კითხვები,”- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოგვიანებით ჟურნალისტებს.


მისი განცხადებით, მოსაკრებლის ოდენობას ცალკე კანონპროექტი დაარეგულირებს, “კულტურული მემკვიდრეობის” შესახებ კანონპროექტით კი მტკიცდება მხოლოდ პრინციპი მოსაკრებლის თაობაზე.


მოსაკრებლის შესახებ კანონპროექტი უკვე ინიცირებულია პარლამენტში და იგი სარეაბილიტაციო არეალში მოხვედრილ სახლებზე მოსახლეობისთვის მაქსიმუმ  1,5 ლარის დაწესებას ითვალისწინებს კვადრატულ მეტრზე ყოველთვიურად. კონკრეტულ ოდენობას ადგილობრივი თვითმმართველობა განსაზღვრავს. კანონპროექტი მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმებსაც ითვალისწინებს.


ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან მასში ჩადებულია მოქალაქეების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დიკრიმინაციის მომენტები.


კობა დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას გამიზნული აქვს მოსახლეობის იძულება გაყიდონ თავიანთი სახლები, რადგან ”90% გადასახადს ვერ გადაიხდის” და ქალაქის პრესტიჟული უბნები კონკრეტულ ინვესტორებს ჩაუგდოს ხელში, ”რის შემდეგაც მოსაკრებელი გაუქმდება, რადგან ის წესდება რეაბილიტაციის პროექტის ვადით”. 


თუმცა უმრავლესობა აცხადებს, რომ მოსაკრებლის იდეა გულისხმობს ისტორიულ უბნებში მცხოვრები მოსახლეობის თანამონაწილეობას რეაბილიტაციაში, რაც ასევე მიზნად ისახავს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.


მოსაკრებლის საკითხის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version