კარასინი: რუსეთი არ დაიწყებს მოლაპარაკებებს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობასთან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, მოსკოვი არ დაიწყებს შუამავლის რანგში მოლაპარაკებებს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობასთან, იუწყება ”რია ნოვოსტი” 23 აპრილს.


”ერთმნიშვნელოვნად არა… ახლა ალტერნატიულ მთავრობას გაძლიერებულად აპიარებენ. შემდეგ იქ ჩაიყვანენ უცხოელ წარმომადგენლებს, შემდეგ რაღაც ეტაპზე იტყვიან, რომ სწორედ ეს არის კონფლიქტის ჭეშმარიტი მხარე, ყველა დანარჩენი კი – ყალბია. და ამდენად, საინფორმაციო ზეწოლით აქცევენ მარიონეტულ მთავრობას ძირითად [მხარედ],”- აცხადებს კარასინი.


მისი თქმით, ”ხელოვნური სტრუქტურების” შექმნით თბილისი კარგავს ცხინვალთან და სოხუმთან დიალოგში ნდობას. ”ახლა ისინი უკვე აღარაფერს აღარ ენდობიან,”- დასძენს კარასინი.


ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა მოსკოვში ქართველ ჟურნალისტებთან ”რია ნოვოსტის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც უპასუხა შეკითხვებს კონფლიქტებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით.


”აღინიშნა რუსეთის უცვლელი სწრაფვა განავითაროს კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან ურთიერთპატივისცემისა და ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე, კონფლიქტების სწრაფად, მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა არსებული მოლაპარაკებათა და სამშვიდობო ფორმატების ფარგლებში,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 24 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version