”რეზონანსი”: ოქრუაშვილმა შესაძლოა ოპოზიციური პარტია შექმნას

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შესაძლოა სულ მალე  პარტია შექმნას და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. ამის შესახებ პოლიტიკურ კულუარებში ინფორმაცია სულ უფრო აქტუალური ხდება, აცხადებს გაზეთი ”რეზონანსი” 24 აპრილს.


ერთადერთი, ვინც ოქრუაშვილის ოპოზიციონერ ლიდერად შესაძლო მოვლინებას ადასტურებს, პარლამენტარი ვალერი გელბახიანია. მისი თქმით, ოქრუაშვილი პარტიის პრეზენტაციას, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის გამართავს.


”როგორც ვიცი, ოქრუაშვილი გააქტიურებულია, შეხვედრები აქვს გარკვეულ პერსონებთან და პოლიტიკოსებთან. ირაკლი ოქრუაშვილი იქნება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი,”- აცხადებს ”რეზონანსთან” საუბარში ვალერი გელბახიანი და დასძენს, რომ მის გვერდით შესაძლოა უმრავლესობის წევრებიც აღმოჩნდნენ.


ერთ-ერთი ვერსიით, ოქრუაშვილის პოლიტიკური მეკავშირე შესაძლოა ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი გახდეს, თუმცა თავად დავითაშვილი ამ ალიანსს კატეგორიულად გამორიცხავს.


”რეზონანსთან” საუბარში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ მაღალი რეიტინგით სარგებლობს საზოგადოებაში, თუმცა აქვე დასძენენ, რომ მის გაოპოზიციონერებას ხელისუფლება მის წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებს დაუპირისპირებს. კერძოდ, საუბარია თავდაცვის სამინისტროში ფინანსურ დარღვევებზე, რაც ოქრუაშვილის სამინისტროდან წასვლისთანავე შეისწავლეს სახელმწიფო მაკონტროლებლებმა. 


”ხელისუფლებას შეუძლია ეს მასალები ოქრუაშვილის წინააღმდეგ ნებისმიერ დროს აამოქმედოს და იგი საპატიმროში გაისტუმროს… ამიტომ შესაძლოა მან უფრო ჩრდილიდან იმოქმედოს, დააფინანსოს რომელიმე ოპოზიციური პარტია,”- აცხადებს ”რეზონანსთან” საუბარში ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია.


თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თავად ოქრუაშვილს, რომელიც ამ ხელისუფლებაში ჯერ გენერალური პროკურორი და ასევე შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო, გაცილებით მეტი კომპრომატი ჰქონდეს მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.


”ეჭვიც არ მეპარება, რომ მას ეს მასალები აქვს და ამ იმედით მოდის, თორემ იგი ვერ გაბედავდა პოლიტიკაში მოსვლას,”- აცხადებს ”რეზონანსი” რესპუბლიკური პარტიის წევრის პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.


პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ხნის მეკავშირემ ირაკლი ოქრუაშვილმა გასული წლის ნოემბერში ნებაყოფლობით დატოვა მთავრობა მას შემდეგ, რაც იგი თავდაცვიდან ეკონომიკის სამინიტროს პირველ პირად გადაიყვანეს. ოქრუაშვილმა არ დამალა, რომ მას გული დაწყდა თავდაცვის სფეროდან წასვლაზე და განაცხადა, რომ იგი პოლიტიკიდან დროებით მიდის.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version