ახალი მემარჯვენეები კოკოითთან და სანაკოევთან შეხვედრის ინიციატივით გამოდიან

ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე გამოვიდა ინიციატივით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან და ალტერნატიულ პრეზიდენტთან დიმიტრი სანაკოევთან შეხვედრის თაობაზე, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა მიესალმა. 


გამყრელიძის განცხადებით, მემარჯვენეები ასევე მზად არიან ადგილობრივ მოსახლეობასთანაც გამართონ მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთში ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნასთან დაკავშირებით. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა დღეს დაამტკიცა.


”პრივილეგირებული არც ერთი მხარე არ უნდა იყოს… დიალოგს არაფერი არ უნდა დაუდგეს წინ”, – განაცხადა  პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დავით გამყრელიძემ.


ამ ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ მემარჯვენეების შეთავაზებაზე ადრესატები უარს არ განაცხადებენ.


”ჩვენც ვადასტურებთ უმრავლესობის სახელით, რომ  ჩვენც ასევე მზად ვართ ველაპარაკოთ ორივე მხარეს… მე მოვუწოდებ ბატონ კოკოითს, ბატონ სანაკოევს აქტიურად ჩაერთონ ამ კონსულტაციებში და მართლაც ერთობლივად იქნას გამოძებნილი გზა პოლიტიკური დარეგულირებისაკენ. მე იმედი მაქვს, რომ არც ერთი გონივრული ძალა ამ შეთავაზებაზე არ განაცხადებს უარს,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version