აშშ ეხმარება საქართველოს ადამიანის უფლებათა სფეროში ’სერიოზული პრობლემების’ აღმოფხვრაში

საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ზოგიერთ სფეროში გაუმჯობესდა, თუმცა ”სერიოზული პრობლემები კვლავ რჩება”, რომლის გადასაჭრელად აშშ-ს მთავრობა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ეხმარება საქართველოს, ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ”ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის მხარდაჭერა: აშშ-ს 2006 წლის მოხსენება”.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პრობლემების მოსაგვარებლად, ნათქვამია მოხსენებაში, მაინც ვრცელდებოდა სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადაჭარბებით  გამოყენების შედეგად გარდაცვალების ფაქტების, ასევე დაკავებულთა წამებისა და ცუდი მოპყრობის, პატიმართა ცუდი მოპყრობის, დაუსჯელობის და ციხეებში გაუარესებული პირობების შესახებ ინფორმაციები.


”მიუხედავად ფართოდ გავრცელებული კორუფციის შემცირებისა და პრეზიდენტის თაოსნობით განხორციელებული რეფორმებისა, კორუფცია კვლავ ერთ-ერთ პრობლემად რჩება,”- აღნიშნულია მოხსენებაში.


მოხსენების თანახმად, კვლავაც შეშფოთების წყაროა ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემასა და მედიაზე ზეწოლა.


მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებებმა მოქალაქეთა საარჩევნო უფლებები შეზღუდეს. ასევე სოხუმმა არ დაუშვა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნა და გაეროს სამოქალაქო პოლიციის განთავსება რეგიონში. 


გარდა ამისა, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება კვლავაც ხელს უშლის დაახლოებით 234,000 იძულებით გადაადგილებული პირის დაბრუნებას, ხოლო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება – 13,000 ეთნიკური ქართველის რეპატრიაციას, ნათქვამია მოხსენებაში.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა პარლამენტს, პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მმართველობის გაუმჯობესებაში, ასევე ხელი შეუწყო ოპოზიციურ ძალებთან დიალოგს. 


”შედეგად, ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტის პლენარული სხდომების ბოიკოტის შეწყვეტა [2006 წლის მარტიდან გამოცხადებული 7-თვიანი ბოიკოტი]… პოლიტიკური პლურალიზმის ხელშესაწყობად, აშშ-მ დააფინანსა პროგრამები და იმუშავა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან პარტიათა განვითარების მიზნით,” – ნათქვამია მოხსენებაში.


ვაშინგტონი ასევე ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია რელიგიურმა და ეთნიკურმა უმცირესობებმა ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკური ცხოვრების განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა.


”მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობისა შემცირდა, ზოგიერთი ჯგუფი აცხადებს, რომ მათ კვლავაც დევნიან თანამოქალაქეები, რაც უბიძგებს აშშ-ს მთავრობას ჩაერთოს ამ საკითხში,”- ნათქვამია მოხსენებაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version