გაეროს გენერალური მდივანი აფხაზეთის შესახებ მოხსენებას აქვეყნებს

ზემო კოდორის ხეობაში 11 მარტს განხორციელებული დაბომბვა იყო ”მნიშვნელოვანი რეგრესი” მშვიდობის დამყარების მცდელობების კუთხით, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა თავის ბოლო მოხსენებაში  უშიშროების საბჭოსადმი, რომელიც 5 აპრილს გამოქვეყნდა.


მოხსენებაში ასახული მოსაზრებები აფხაზეთის შესახებ ახალი რეზოლუციის საფუძველი გახდება, რომელსაც უშიშროების საბჭო 10 აპრილს მიიღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იმ დროისათვის ნიუ-იორკში იქნება.


მოხსენებაში პან გი მუნი ასევე აცხადებს, რომ 11 მარტის დაბომბვამ ”შეგვახსენა ის რისკები, რომლის წინაშეც კონფლიქტი ჯერ კიდევ დგას და პოტენციური შესაძლებლობა იმისა, არსებული დაძაბულობა ძალადობრივ კურსში გადაიზარდოს”.


ერთობლივი შემსწავლელი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან გაეროს დამკვირვებელთა მისიის, საქართველოს მთავრობის, აფხაზური მხარის და რუსული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები, ზემო კოდორის ხეობაში ინციდენტის გამოძიებას აწარმოებს. თუმცა, ჯერჯერობით გამოძიების შედეგები უცნობია.

პან გი მუნი იმედოვნებს, რომ აღნიშნული გამოძიება ”დაეხმარება იმის გარკვევას, თუ რა გარემოებები იდგა ინციდენტის უკან”.


გაეროს გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს ”პროგრესის ნიშნებს”, რომლებიც ბოლო დროს გამოვლინდა.


იგი მიესალმა კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებელთა და რუსი სამშვიდობოების მიერ განხორციელებულ ერთობლივ პატრულირებას და მას პროგრესის ერთი მაგალითი უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ პატრულირების დროს არ იქნა აღმოჩენილი მძიმე შეიარაღება და ასევე გასული წლის ოქტომბერში განხორციელებული მონიტორინგის შემდეგ შემცირდა ხეობაში განლაგებული ქართული ძალების რაოდენობა. 


პან გი მუნი მიესალმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ოფიცრის მივლინებას გალის რაიონში.


მარტიდან ადამიანის უფლებათა ოფიცერი სოხუმის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისიდან მიავლინეს გაეროს დამკვირვებელთა მისიის გალის შტაბბინაში ოფისის შესაძლებლობების გაძლიერების და გალში ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა ცენტრთან კავშირის დამყარების მიზნით. ეს ცენტრი გალის და სოხუმის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩამოაყალიბეს. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის 2007 წლის პროგრამა ითვალისწინებს იურიდიულ დახმარებას გალის მოსახლეობისთვის; ტრენინგებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, მათ შორის ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტაციის მომზადებას, ცნობიერების ამაღლებას და საინფორმაციო და რესურს ცენტრების ჩამოყალიბებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version