სააკაშვილი მიესალმა პარლამენტის ”პრინციპულ” გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთზე

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა 5 აპრილს პარლამენტის ყველა ძირითადი ჯგუფის ერთსულოვან მიდგომას ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრცაიულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ  კანონპროეტის პირველი მოსმენით მიღების საქმეში, რაც მისი თქმით, ”მთავარი ცვლილებაა, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მოხდა”.


”საქართველოს პარლამენტმა გააკეთა ნათელი დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველო სხვის მიერ დაწერილ და თავსმოხვეულ სცენარში არ ჯდება, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, უწინარესად, ჩვენი პოლიტიკური სპექტრია და არა სხვის დაწერილ მუსიკაზე მოცეკვავე პოლიტიკანთა ჯგუფი,”- განაცხადა 5 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 165-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის წინააღმდეგ მხოლოდ 2 პარლამენტარი წავიდა პარტია ”ეროვნული ფორუმიდან”.


პრეზიდენტის განცხადებით, შემდეგ კვირაში ამ კანონის მიღების პროცესი დასრულდება.


”პრაქტიკულად, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს, რომ კომპრომისების, მოქნილი მოლაპარაკებებისა და ყველა მხარის ინტერესების განუხრელი გათვალისწინების გზით მოვახერხოთ – ერთი მხრივ, საქართველოს ოსური მოსახლეობის ავტონომიური უფლებების დამკვიდრება და ინსტიტუციონალური განმტკიცება (ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს მოლაპარაკების პროცესის შედეგად უნდა მოხდეს), ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, გარე ძალების ჩარევის ბოლომდე აღმოფხვრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,”- განაცხადა პრეზიდენტმა.
 
”ჩვენ ამ გზას გავივლით ბოლომდე, თუმცა ვიცით, რომ ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგვხვდება, იქნება პროვოკაციებიც,”- დასძინა მან.
 
სააკაშვილის განცხადებით, პროვოკაციების მაქსიმალურად გამორიცხვის მიზნით ”ვაპირებთ გავაძლიეროთ უსაფრთხოების რეჟიმი… ვაპირებთ ადგილზე გავაგრძელოთ ინტენსიური დიალოგი აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version