ბრაიზა: ნატო უნდა დათანხმდეს საქართველოს წევრობას

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა უნდა დათანხმდეს, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი და ”არცერთ ქვეყანას, რომელიც არ არის ნატოს წევრი, არ ეთქმის სიტყვა საქართველოს მომავალზე ალიანსის ფარგლებში,” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ. 


თბილისში პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბრაიზამ აღნიშნა, რომ აშშ და საქართველო იზიარებენ იმ მიზანს, რომ ”საქართველო თავის დროზე გახდეს ნატო წევრი”.


”ჩვენი შეხედულება ასეთია, რომ საქართველომ თავად უნდა განსაზღვროს ის დრო, როცა საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი და არავინ სხვამ… ნატოში საქართველოს გაწევრიანების დრო დადგება მაშინ, როცა საქართველო დაასრულებს ყველა რეფორმას: სასამართლო რეფორმას, დემოკრატიულ რეფორმებს, სამხედრო რეფორმებს და გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც უკვე აკეთებს რამოდენიმე თვეა,  ადგას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კურსს ერთიანი საქართველოს ფარგლებში,”- განაცხადა ბრაიზამ. 


”ამდენად, საქართველოს წევრობა ნატოში დამოკიდებულია თავად საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულებაზე,”- დასძინა მან.


მან ასევე მადლიერება გამოხატა ნინო ბურჯანაძის ლიდერობით პარლამენტში ნატოს მხარდამჭერი დეკლარაციის ერთხმად მიღების გამო, რითაც პარლამენტმა ერთიანი პოზიცია დააფიქსირა ნატოში საქართველოს მისწრაფებისადმი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version