მოსკოვი სანაკოევის ”მარიონეტულ მთავრობაზე” კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებით ადევნებს თვალს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერის, დიმიტრი სანაკოევის ირგვლივ თბილისში მზარდ პროპაგანდისტულ კამპანიას და მოუწოდებს ქართულ მხარეს თავი შეიკავოს მსგავსი შეიარაღებული დაპირისპირების გამომწვევი ”ექსპერიმენტებისგან”, რომელიც ”კატეგორიულად დაუშვებელია”.


”მიზანი ნათელია – გაჩნდეს არც ისე გათვითცნობიერებული შიდა და გარე დამკვირვებლის თვალში პატივისცემა ამ, ქართული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი აგენტურული ჯგუფის მიმართ, რომელიც დესანტის სახით გადასხმულია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ერთ-ერთ ქართულ ანკლავში [სოფელ ქურთაში]”, –  ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 29 მარტს გავრცელებულ ოფიციალურ კომენტარში.


ოფიციალური მოსკოვი განსაკუთრებით უსვამს ხაზს პრეზიდენტ სააკაშვილის ახალ ინიციატივას ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციული ერთეულის ჩამოყალიბების თაობაზე.


”[ახალი ადმინისტრაციის]მის ხელმძღვანელობას აუცილებლად სანაკოევს დაავალებენ. შემდეგ ეს ვირტუალური წარმონაქმნი გამოცხადებული იქნება, როგორც ლეგიტიმური პარტნიორი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში, სამხრეთ ოსეთის რეალური ხელისუფლების გვერდის ავლით,” – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება არც ისე ხელსაყრელი პარტნიორია თბილისისთვის მოლაპარაკებათა პროცესში.


”საკუთარ ხელდასმულებთან ურთიერთობა გაცილებით იოლია – ისინი წინასწარ არიან დაპროგრამებული თავიანთ შემქმნელებთან გუნდური სიმღერისთვის… და აქ კანონზომიერად იბადება საგანგაშო შეკითხვა: რა გველოდება წინ, რის გაკეთებას აპირებს საქართველო შემდგომში ოპონენტებისთვის ჭკუის სასწავლებლად?”


”თბილისში ალბათ არ ამყარებენ იმედს იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება თვითონ იტყვის უარს თავისი ხალხის მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობაზე და ადგილს სხვებს დაუთმობს, რომლებიც არ გამოხატავენ არც ოსი და არც ქართველი მოსახლეობის ინტერესებს, არამედ მხოლოდ მათი, ვისაც ემსახურებიან. ამ სიტუაციაში ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს დაუძლეველი სურვილი აიძულოს ”დაუმორჩილებელი” ხელისუფლება დატოვოს ცხინვალი, რომელიც კიდევ დიდხანს არ დათანხმდება იქიდან წასვლაზე თავისი კეთილი ნებით. და შედეგი რა იქნება, ამის გამოცნობა ძნელი არც არის,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


მოსკოვი ხაზს უსვამს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ორი მხარეა და ”ეცადო არსებულ ვითარებაში ჩარგო ახალი მონაწილეები, გადაჭარბების გარეშე, დანაშაულია”.


რუსეთის მხარე მოუწოდებს თბილისს თავი შეიკავოს ამ ”არაშორსმჭვრეტელური” გეგმებისაგან და კონსტრუქციულად მიუდგეს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ოთხმხრივ ფორმატში მოლაპარაკებათა პროცესს, რომლის შემდეგი სხდომაც თბილისში იგეგმება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version