საპარლამენტო ოპოზიცია აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენელს პრობლემებზე ესაუბრა

საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება, სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობა,  ქვეყანაში არსებული კონფლიქტების დარეგულირება, ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც დღეს თბილისში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.


დღევანდელ შეხვედრას ოპოზიციური პარტიების რესპუბლიკელების, მრეწველების, ახალი მემარჯვენეების და კონსერვატორების ლიდერები ესწრებოდნენ.


”ჩვენ მრავალი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის დემოკრატიული რეფორმის გაგრძელება, თუმცა ასევე ვისაუბრეთ საერთაშორისო საკითხებზეც – აშშ-საქართველოს თანამშრომლობაზე, ზოგადად და ასევე კონფლიქტებზე, რომელიც საშინაო საკითხია,”- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ მეთიუ ბრაიზამ. 


მან ასევე განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სასამართლო რეფორმის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების საკითხები.


”საქართველოს ხელისუფლებამ, ზოგადად, კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინა  და წელიწადნახევრის წინ გეგმაც წარმოადგინა, რომელიც, ჩვენი აზრით, დამაიმედებელია. ვფიქრობთ, რომ დროა მხარეებმა გამართონ კონსტრუქციული საუბარი, სადაც ორივე მხარე წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯებს. ის, რაც ეუთომ გააკეთა ეკონომიკური დახმარების კუთხით, წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ეხმარება სტაბილიზაციას და საერთაშორისო თანამეგობრობის ყოფნას სამხრეთ ოსეთში; თუმცა, კიდევ უფრო მეტია საჭირო,” – განაცხადა ბრაიზამ.


მას კონკრეტული შეფასება არ გაუკეთებია იმ ინიციატივაზე, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გაახმოვანა ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის თაობაზე.


”საუბარი იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის საკითხებზე პრეზიდენტის ბოლო იდეებზე, რომელიც ჯერ გეგმად არ არის ქცეული და ჩვენც [ოპოზიციას] და ამერიკელებსაც ჯერ გვიჭირს საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.


მეთიუ ბრაიზა ასევე მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაწყებულ დიალოგს.


”შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლები  უფრო და უფრო რეალისტურად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ძალიან ბევრი საკითხი ხდება განსჯის საგანი და არა უპირობო მხარდაჭერის საგანი, როდესაც რაიმე ინიციატივაა ხელისუფლებიდან. ამიტომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვე იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მივაღწიოთ სერიოზულ შედეგებს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


მისი თქმით, ოპოზიციამ შესთავაზა ასევე ამერიკულ მხარეს შუამდგომლობა  ხელისუფლებასთან სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ”რათა ამ საკითხს ერთად მოვუაროთ”.


”ეს ის თემაა, რომელზეც ოპოზიციას და ხელისუფლებას შეუძლია ერთად ვიმუშაოთ იმიტომ, რომ თუ არ იქნა საყოველთაო მხარდაჭერა სასამართლო რეფორმისადმი, მაშინ მოსახლეობაში ნდობა ვერ გაიზრდება მოსამართლეების მიმართ,” – აღნიშნა უსუფაშვილმა.


მრეწველთა ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ადამიანის უფლებათა და საკუთრების უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებსაც.


”ამერიკა დემოკრატიის ფლაგმანია ჩვენ პლანეტაზე და უნდა დაინახოს რამდენი ანტიდემოკრატიული ქმედებებია საქართველოში,”- განაცხადა მრეწველთა ლიდერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


დაგეგმილია ასევე მეთიუ ბრაიზას შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version