სანაკოევის მოძრაობა ქართულ-ოსური კონფერენციის ჩატარებას გეგმავს

სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტის დიმიტრის სანაკოევის მოძრაობა ”სამხრეთ ოსეთის ხალხი – მშვიდობისათვის”  ქართულ-ოსური საყოველთაო სახალხო კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოდის.


მოძრაობის სპიკერის ვლადიმერ სანაკოევის განცხადებით,  კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის ადამიანი, რომლის სურვილია მშვიდობა და ნდობის აღდგენა ქართულ და ოსურ მხარეებს შორის.


მისი თქმით, სამშვიდობო ინიციატივას ცხინვალშიც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა ”სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ვერ სარგებლობს უფლებით თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება…ამაში ხელს უშლის ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლება”.


ვლადიმერ სანაკოევმა ასევე განაცხადა, რომ ”სამხრეთ ოსეთის ხალხი – მშვიდობისათვის” მოძრაობა მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას  სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნასთან დაკავშირებით.


ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ცხინვალში მიმდინარე წელს საყოველთაო ოსური შეკრების გამართვას გეგმავს.


სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ასევე დაგმო თბილისის გეგმები მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის თაობაზე.


”სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი არ დაუშვას ”დროებითი” ან ”ალტერნატიული” სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა და ფუნქციონირება მის ტერიტორიაზე. [ამ სტრუქტურების] საქმიანობა მიმართულია ქართულ-ოსური ურთიერთობების შემდგომი გაუარესებისკენ და ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას”, – აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო 28 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version