სიტუაცია საქართველოში ფეთქებადსაშიშია – მოსკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგარეო პოლიტიკის მიმოხილვა გამოაქვეყნა, იტყობინება ”იტარ-ტასსი” 27 მარტს. მიმოხილვა ასახავს რუსეთის ხედვას მის საზღვრებს გარეთ არსებულ ვითარებაზე და განსაზღვრავს რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრინციპებს მსოფლიოს მასშტაბით.   


”სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში დაძაბული რჩება, ხოლო საქართველოს შემთხვევაში – ფეთქებადსაშიში”, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ”რეგიონის გარეთ არსებული ძალები” იყენებენ რეგიონში არსებულ ”გაყინულ კონფლიქტებს, რათა გააძლიერონ საკუთარი ზეგავლენა რეგიონზე ჩვენი [რუსული] პოზიციების საზიანოდ”.


”მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ეფუძნება ეთნიკურ ნაციონალიზმს და ამ პოლიტიკას მხარს უჭერს რამდენიმე დასავლური სახელმწიფო, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები… თბილისის პოლიტიკა მიმართულია არსებული სამშვიდობო და მოლაპარაკებების ფორმატების ჩაშლისაკენ, რასაც შედეგად მოჰყვება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო არსებული ვითარების გაუარესება”, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება. 


საქართველო ”იმედოვნებს, რომ მოახერხებს ძლიერი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას ამ პრობლემების მიმართ და ევროატლანტიკურ სტრუქტურების ჩართვას ”გაყინული კონფლიქტების” თემატიკაში, რითიც ამ კონფლიქტების საკუთარი პირობებით მოგვარებას შეუწყობს ხელს, რაც გულისხმობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრას ერთიანი საქართველოს ფარგლებში”.


ამავე დროს, ”ქართული მხარე არ წყვეტს ანტირუსულ კამპანიას მედიაში, მიუხედავად იმისა, რომ იმპულსები ნაწილობრივ შენელდა, [საქართველო] ცდილობს გამოიყენოს ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის და ნატოს პოტენციალი თავისი მიზნების მისაღწევად, ცდილობს პასუხისმგებლობა საკუთარ საშინაო და საგარეო პრობლემებზე რუსეთს დააკისროს, რაც გაამართლებს ”ჭანჭიკების მოჭერას” ქვეყნის შიგნით, ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას პოლიტიკურ ცხოვრებაში”.


”ჩვენს ინტერესებში შედის, თბილისთან ურთიერთობებში პრინციპული პოზიციის შენარჩუნება… მთავარია, წინასწარ განვსაზღვროთ ის ქმედებები, რომელთაც ზიანი მოაქვთ ქართველი ხალხის გრძელვადიანი ეროვნული ინტერესებისთვის”, – აცხადებს ოფიციალური მოსკოვი.


”ჩვენი პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან მიმართებაში ეფუძნება მოგვარების ისეთი გზის მოძებნას, რომელიც მხოლოდ მშვიდობიან საშუალებებს ეფუძნება, მიუხედავად დროისა და [პოლიტიკური] სტატუსის  შეზღუდვებისა, რაც ითვალისწინებს კონფლიქტის მხარეებს შორის ნებაყოფლობით შეთანხმებას რეგულირების ისეთ მოდელზე, რომელსაც თავად შეიმუშავებენ არსებული მოლაპარაკებების ფორმატების ფარგლებში”, – ნათქვამია დოკუმენტში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version