KazMunaiGas და Greenoak ბათუმში ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებენ

ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია KazMunaiGas-ი და Greenoak Group -ი ბათუმში ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის მიზნით ახალი ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდნენ. Greenoak-ის მიერ 22 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად, ინვესტიცია 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.


KazMunaiGas-ის პრეზიდენტმა უზუკბაი კარაბალინმა და ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელმა იან ბონდე ნილსენმა უკვე მოაწერეს ხელი შესაბამის მემორანდუმს.


ბათუმის ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 5-7 მილიონი ტონა იქნება.


ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 80 ჰექტარ მიწაზე აშენდება, რომლის შეძენაზეც Greenoak-მა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას 2006 წელს მიაღწია. ეს ტერიტორია ზუსტად ბათუმის ნავთობტერმინალის გვერდზე მდებარეობს.  


”ამ ინიციატივას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის თაობაზე წინ უძღოდა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება KazTransOil-თან [KazMunaiGas-ის შვილობილი კომპანია]  გასულ წელს”, – განაცხადა ნილსენმა. 


ორმა კომპანიამ ერთობლივი საწარმო – ბათუმის ტერმინალები – გასული წლის სექტემბერში შექმნა, რომლის მიზანიც ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით მეტი ყაზახური ნედლი ნავთობის ნაკადის უზრუნველყოფა იყო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version