აპრილის ბოლოს დასრულდება საგადასახადო ცვლილებებზე მუშაობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 21 მარტს განაცხადა, რომ აპრილის ბოლომდე გაიმართება კონსულტაციები ბიზნესმენებთან გადასახადების დაწევის საკითხებზე, რის შემდეგაც კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლამენტში გაიგზავნება დასამტკიცებლად.


”ცვლილებების შეტანის შემდეგ მოგების გადასახადი 20% დან 15% შემცირდება, შესაბამისად, უფრო ადვილი იქნება მისი დეკლარირება და ადმინისტრირება. მცირდება სოციალური და საშემოსავლი გადასახადებიც – შემცირდება საშუალო შეწონილი განაკვეთი [25%-მდე]”, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


ამდენად, საგადასახადო განაკვეთების დაწევასთან ერთად, 2008 წლიდან გადასახადების რაოდენობა 7-დან 6-მდე დაიკლებს საშემოსავლო და სოციალური გადასახადების გაერთიანების გამო, რომლებიც ამჟამად 12% და 20%-ს შეადგენს შესაბამისად.


აღნიშნული ინიციატივა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 მარტს პარლამენტში ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენების ფარგლებში გაახმოვანა.


მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ინიციატივას მოგების გადასახადის შემცირების თაობაზე საყოველთაო მოწონება ხვდა წილად, ზოგიერთმა ოპონენტმა ინიციატივა სოციალური და საშემოსავლო გადასახადების გაერთიანების თაობაზე სკეპტიკურად მიიღო.


ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა საშუალო ფენის მოხელეებს დაარტყამს, რომლებიც ამჟამად 12%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდიან, ხოლო გაერთიანების შედეგად 25%-ის გადახდა მოუწევთ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას, ან რა სახით აისახება ეს მომენტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების საბოლოო პროექტში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version