გაეროს დამკვირვებლები კოდორის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებენ

გაეროს დამკვირვებლებისა და რუსი სამშვიდობოების ერთობლივმა პატრულმა ”ვერ აღმოაჩინა მძიმე შეიარაღება” თბილისის მიერ კონტროლირებად ზემო კოდორის ხეობაში, განაცხადა გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში 20 მარტს.


ხეობაში მონიტორინგი 5-7 მარტს ჩატარდა, კვირაზე ნაკლები დროით ადრე, ვიდრე კოდორის ხეობა დაიბომბებოდა 11 მარტს; ამდენად, მონიტორინგის შედეგები არ მოიცავს ამ ინციდენტს.


ზემო კოდორის ხეობაში განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის 284 წარმომადგენელი და 100 ადგილობრივი მესაზღვრე.


გაეროს დამკვირვებელთა მისიამ ცნობად მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ დაიყვანს პოლიციელთა რაოდენობას იმ სტანდარტულ დონემდე, რომელიც აპრობირებულია საქართველოს სხვა რეგიონებში. 


მისია აცხადებს, რომ ხეობაში დასაწყობებულია ყუმბარმტყორცნები და ტყვიამფრქვევები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომია იქ განთავსებული პოლიციელებისათვის. 


ასევე დაფიქსირდა 23 მმ-იანი ჭურვები, ”თუმცა ქართველმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ამ ჭურვებისთვის განკუთვნილი მძიმე შეიარაღება იქ არ არის. [ერთობლივმა] პატრულმა რეკომენდაცია გაწია, რომ [1994 წლის, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ] მოსკოვის ხელშეკრულების  შესაბამისად, ჭურვები გატანილ იქნას ხეობიდან”, – ნათქვამია პრეს-რელიზში.


ეს იყო მესამე ერთობლივი პატრულირება, რომელიც გაეროს დამკვირვებლებმა და რუსმა სამშვიდობოებმა განახორციელეს. მანამდე მონიტორინგები ჩატარდა 2006 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version