ეროვნული ბანკის რეზერვებმა მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, მიმდინარე წლის 19 მარტის მდგომარეობით,  მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა და 1 მილიარდ 6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, აცხადებს ეროვნული ბანკი.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, რეზერვების ასეთი მასშტაბური ზრდა მნიშვნელოვანი წარმატებაა, რაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შედეგია და დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე.


”გარდა ამისა, სრულად იქნება განეიტრალებული რუსეთის ემბარგოს შედეგად გამოწვეული ნეგატიური რისკები… ამასთან, რეზერვების ზრდა მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია ლარის სიმტკიცისა და სტაბილურობისათვის”, – აცხადებს გოცირიძე.


მისი თქმით, რეზერვები განთავსებულია საიმედო, ლიკვიდურ და შემოსავლიან აქტივებში. კერძოდ, რეზერვები დაბანდებულია დაბალი რისკის შემცველ ფასიან ქაღალდებსა და მაღალი რეიტინგის მქონე უცხოურ კომერციულ ბანკებში.


2007 წლის დასაწყისში რეზერვებმა 958 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატებოდა 2005 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ყველაზე ნაკლები სავალუტო რეზერვი 62 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ეროვნულ ბანკს 1998 წელს ჰქონდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version