არასრულწლოვანის მიმართ სააპელაციო სასამართლოს განაჩენს პროტესტი მოჰყვა

მას შემდეგ რაც დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან პატიმარს გიორგი ზერეკიძეს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნაცვლად მანამდე მისჯილი 10 წლისა, სასამართლო დარბაზში ხმაური ატყდა.


სასამართლოს განაჩენი გააპროტესტეს მოზარდის მშობლებმა და უფლება დამცველი ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომელთაც განაცხადეს, რომ მოლოდინი ჰქონდათ, რომ სასამართლო უფრო ლოიალურ განაჩენს გამოიტანდა.


შეხლა-შემოხლის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით,  სასამართლოს მანდატურებმა დააკავეს ”თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენელი ჯაბა ჯიშკარიანი.


გავრცელებული ინფორმაციით, შარშან 14 წლის გიორგი ზერეკიძემ შელაპარაკების ნიადაგზე მსუბუქად დაჭრა 23 წლის პიროვნება, თუმცა განაცხადა, რომ ეს არ იყო მკვლელობის მცდელობა. 


მას ზაფხულში საქალაქო სასამართლომ 10 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დაახლოებით იმ დროს, როცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მთავარ დამნაშავეს, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს 8 წლის თავისუფლების აღკვეთა შეეფერდა. სწორედ ამ ფონზე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება ზერეკიძის საქმემ, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებს ”შერჩევითი მართლმსაჯულების” მაგალითად მოჰყავდათ.


18 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში გაეროს ბავშვთა ფონდმა UNICEF-მა შეშფოთება გამოხატა 14 წლის არასრულწლოვანი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version