გიორგაძის მომხრეთა სასამართლო პროცესი იმართება

19 მარტს უშიშროების ყოფილი უფროსის იგორ გიორგაძის პარტია სამართლიანობასთან დაახლოებული პარტიების და ორგანიზაციების 11 აქტივისტის სასამართლო პროცესი იწყება. მათ სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად შეთქმულებაში ედებათ ბრალი, თუმცა ყველა მათგანი უარყოფს ბრალდებებს.


12 აქტივისტი გასული წლის სექტემბერში დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით გირაოთი იქნა გათავისუფლებული მოძრაობა ”ანტისოროსის” ლიდერი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც დანაშაული აღიარა და დანარჩენი 11 აქტივისტის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.  


18 მარტს PR Newswire-ს საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მაია თოფურიას ორი ამერიკელი ადვოკატი მელინდა სარაფა და ლოურენს ბარსელა მოუწოდებენ აშშ-ს ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენელს მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, ”აღკვეთოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური ზეწოლა”. მათი თქმით, თოფურიას დაპატიმრება და მისი დადანაშაულება ”უეჭველად პოლიტიკური მოტივით” განხორციელდა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version