აშშ-ს სენატი კიდევ ერთხელ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას

15 მარტს ”ნატოს 2007 წლის თავისუფლების კონსოლიდაციის აქტის” მიღებით, აშშ-ს სენატმა დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს, ალბანეთის, ხორვატიის, მაკედონიის და უკრაინის ნატოში ”დროული გაწევრიანიების” მიმართ.


სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრის რიჩარდ ლუგარის მიერ ინიცირებული აქტი უზრუნველყოფს ამ ქვეყნებისთვის 2008 წელს უსაფრთხოების საკითხებში დახმარებას.


”სამწუხაროდ, საქართველო და უკრაინა ჯერ ვერ გადავიდნენ  წევრობის სამოქმედო გეგმაზე, თუმცა მაინც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს”, – განაცხადა ლუგარმა კომენტარებში, რომელიც 16 მარტს მის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.


”ეს კანონმდებლობა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს და დაეხმარება ქვეყნებს, რათა განაგრძონ დემოკრატიული, თავდაცვითი და ეკონომიკური რეფორმები”, – დასძინა მან.


სენატმა ანალოგიური კანონპროექტი 6 მარტსაც მიიღო. ტექნიკური განსხვავება ორ კანონპროექტს შორის მანამ უნდა აღმოიფხვრას, სანამ მას პრეზიდენტი ბუში მოაწერს ხელს.


საქართველოს წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერ მემორანდუმს 12 მარტს მოაწერეს ხელი; ხოლო 13 მარტს საქართველოს პარლამენტმა მემორანდუმის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version