ხელისუფლება იწყებს ფართომასშტაბიან ანტინარკოტიკულ კამპანიას

კანონმდებლებმა ნაციონალური მოძრაობიდან დაიწყეს მუშაობა იმ კანონპროექტის მომზადებაზე, რომელიც ნარკოტიკებით მოვაჭრეების ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა 16 მარტს.


პრეზიდენტი სააკაშვილი 15 მარტს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ამ ახალი კანონის მიღების ინიციატივით გამოვიდა, ფართომასშტაბიანი ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში.


”მე გთავაზობთ, რომ ჩვენ მივიღოთ კანონი, რომლითაც ნარკოტიკების გამავრცელებლები არა მხოლოდ ჩადჯებიან ციხეებში, არამედ ჩვენი მოქალაქეების გაუბედურებით მოპოვებული მათი ქონება იქნება მთლიანად ჩამორთმეული”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


16 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ნარკომანიამ შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია და საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა.


მისი თქმით, სამწუხაროდ ქართული საზოგადოება მიმტევებელია ნარკომანების მიმართ და ამგვარი მიდგომა უნდა შეიცვალოს. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ”ეს მაღალი ტოლერანტობა არ ვრცელდება ნარკოდილერებზე”.


მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევები საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებშიც ფიქსირდება.


”მაგალითად, სომხეთში თქვენ გაგიჭირდებათ იპოვოთ ნარკომანი ოფიციალურ პირებს შორის… სხვათაშორის, ახალქალაქში და წალკაში სომხური წარმოშობის ჩვენ მოქალაქეებს შორის ნარკომანთა რაოდენობა თითქმის ნულ პროცენტს შეადგენს”, – განაცხადა მან.


მერაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს ”გარკვეული უფლებები ჩამოართვას ნარკომანებს”, მაგალითად მართვის მოწმობა. მან ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს ნარკომანთა სიები გადააგზავნოს თბილისში მდებარე უცხოური ქვეყნების  საელჩოებში და სთხოვოს მათ არ გასცენ ამ პირებზე ვიზები.


მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რეგიონები ”ნარტოტიკების უკანონო შემოტანის თავისუფალ ზონებს” წარმოადგენენ.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version