სააკაშვილი მზად არის ოფიციალური ურთიერთობები დაიწყოს ”სანაკოევის მოძრაობასთან”

ოფიციალური თბილისი მზად არის დაიწყოს ოფიციალური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთის ალტარნატიულ ხელისუფლებასთან, რომელსაც სათავეში დიმიტრი სანაკოევი უდგას, თუმცა ასევე მზად არის ესაუბროს ”კონფლიქტის უკლებლივ ყველა მხარეს”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.


”მე მგონი ჩვენ უნდა განვაცხადოთ იმის შესახებ, რომ მზად ვართ დავიწყოთ ოფიციალური ურთიერთობები და მოლაპარაკება სანაკოევის მოძრაობასთან და მზად ვართ ყველას ვაჩვენოთ თუ როგორი მტკიცეა ქართველი და ოსი ხალხის ნამდვილი ძმობა და ნამდვილი წრაფვა მშვიდობიანი და წარმატებული მოძრაობისკენ და ჩვენ ამას უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ”, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


მისი თქმით, შარშანდელი წელი, როცა ნოემბერში სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო და ალტერნატიული არჩევნები პარალელურად გაიმართა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ცხინვალის მოსახლეობისათვის, რადგან ”მათმა თავისუფალმა ნაწილმა მოახდინა იმის დემონტრაცია, რომ ენდობა ადგილობრივ ეთნიკურ ოს ლიდერებს”.


”აი შეიქმნა დიმიტრი სანაკოევის მოძრაობა, ქარქუსოვი და სხვები არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე წარმოადგენდნენ წინა ხაზს [საქართველოს] ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ დღეს როდესაც მათი პროგრამა გულისხმობს მშვიდობიან თანაცხოვრებას ერთიანი საქართველოს ფარგლებში, ბუნებრივია ეთნიკური ოსების ინტერესთა დაცვის სრული გარანტიით. ამის გამო მათ მოახერხეს რეგიონში მცხოვრებ ქართველებთან საერთო ენის გამონახვა, რაც არის უნიკალური რამ  საერთოდ კონფლიქტების ისტორიაში და მე მგონი ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან.


”რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ, რომ ველაპარაკოთ უკლებრივ ყველა მხარეს ამ კონფლიქტის. მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ველაპარაკებით ჩვენ მოქალაქეებს და არა რაღაც დაჯგუფებას, რომელსაც მონოპოლიზირებული აქვს ყველა ადამიანის სახელით ლაპარაკი, მითუმეტეს ისეთ ხალხს ვინც ქადაგებს ძალადობას. ჩვენ ველაპარაკებით ჩვენ ახალგაზრდობას, რომელსაც იარაღი კი არ უნდა ეჭიროს ხელში, არამდე დისკოთეკებზე უნდა დადიოდნენ ერთად საღამოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version