მოსკოვი აფხაზეთის შესახებ გაეროს რეზოლუციის წინ საკუთარ პოზიციას ახმოვანებს

აფხაზეთის დევნილი მთავრობის ზემო კოდორის ხეობაში განთავსება, ქართული მხარის მიერ აფხაზეთის ოფიციალური პირების დაკავება, რუსი სამშვიდობოების საწინააღმდეგო რიტორიკა და ანტიაფხაზური კამპანია ”რომელსაც ძალიან ბევრი ემოცია ახლავს”, არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც სამშვიდობო პროცესს აფერხებენ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსულ გაზეთ ”იზვესტია”-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 15 მარტს გამოქვეყნდა.


”ვფიქრობ, რომ [აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ] გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის [რომელიც, სავარაუდოდ 15 აპრილამდე გამოქვეყნდება] ახალი ტექსტის შედგენისას, რეზოლუციის ავტორებმა უნდა მოუწოდონ ამ ნეგატიური ფაქტორების განეიტრალებისაკენ, რომლებიც სამშვიდობო პროცესს აფერხებს”, – განაცხადა კარასინმა.


მან განაცხადა, რომ რუსეთი შეაშფოთა ზემო კოდორის ხეობაში 11 მარტს მომხდარმა ინციდენტმა, თუმცა უარყო თბილისის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ხეობის დაბომბვის უკან მოსკოვი დგას.


”ზემო კოდორის ხეობაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იყო მყარი  სიგნალი მათთვის, ვინც ცდილობს აურზაური შექმნას კონფლიქტების ზონებში ამჟამად არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში და ვინც ცდილობს ცალმხრივად დააწესოს პირობები [კონფლიქტის] მოგვარებისთვის”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.


”დაძაბულობის განმუხტვას მხოლოდ მოლაპარაკებების შეჩერებული პროცესის აღდგენა შეუწყობს ხელს. [მოლაპარაკებების] ფორმატი უკვე არსებობს და ახლის შესაქმნელად არც დრო და არც მიზეზი არ არსებობს. არსებობს განსაკუთრებული აუცილებლობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად”, – დასძინა კარასინმა.


საქართველო თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სამშვიდობო და მოლაპარაკებების ფორმატების შეცვლას მოითხოვს. თბილისის განცხადებით, ის ასევე წინააღმდეგია არსებული სამშვიდობო ფორმატების ფონზე ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version