ბეჟუაშვილმა რუს კოლეგას კოდორთან დაკავშირებით განმარტებები მოთხოვა

12 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარში გამოხატა უკიდურესი შეშფოთება გასულ ღამეს ზემო აფხაზეთის სოფლების საავიაციო დაბომბვასთან დაკავშირებით და მოთხოვა რუსეთის ხელისუფლების დაუყოვნებელი განმარტებები.


”აღინიშნა, რომ საქართველოს მხარის ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენებმა, რომლებმაც განახორციელეს დაბომბვა, ჩრდილოეთის მხრიდან გადმოკვეთეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი. ქართულ მხარეს გააჩნია საჰაერო დაბომბვის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები”, – ნათქვამია საგარეო უწყების საინფორმაციო შეტყობინებაში.


ბეჟუაშვილის განცხადებით, მომხდარის ობიექტური გამოძიებით დაიტერესებული უნდა იყოს ორივე მხარე. 

თბილისმა უკვე მიმართა საქართველოში გაერო-ს დამკვირვებელთა მისიას ინცინდენტის დეტალურ გამოძიებისა და შესაბამისი დასკვნის უმოკლეს ვადებში წარმოდგენის თაობაზე.


საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაუბრუნდებიან საკითხის განხილვას გაეროს დამკვირვებელთა მისიის დასკვნების გამოქვეყნების შემდეგ.


”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მომხდარ ფაქტს, რომლებიც მიზნად ისახავს ზემო აფხაზეთში ამ ბოლო დროს აქტიურად მიმდინარე სტაბილიზაციისა და აღმშენებლობის პროცესების ხელის შეშლას, რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას და მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების წინააღმდეგ”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 12 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version