თავდაცვის სამინისტრო კოდორის ხეობის დაბომბვის ფაქტს ადასტურებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთიდან შემოფრენილმა ვერტფრენებმა დაარღვიეს, რასაც მოჰყვა ზემო კოდორის ხეობის სოფლების დაბომბვა.


”ვერტმფრენები მართლაც შემოვიდნენ ზემო აფხაზეთის ტერიტორიაზე და მართლაც მოხდა დაბომბვა რუსეთის ტერიტორიიდან”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ნიკოლეიშვილმა.


”ჯერ-ჯერობით ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით”, – დასძინა მან.


ოფიციალური ინფორმაციით, კოდორის ხეობის სოფლები ჩხალთა, ღენწვისი და აჟარა 11 მარტს საღამოს დაიბომბა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის მალხაზ აქიშბაიას განცხადებით, ”შემოფრინდა ვერტმფრენი ყარაჩაი-ჩერქეზეთის მიმართულებიდან, შემდეგ ამას მოჰყვა გასროლა ტრყვარჩელის მიმართულებიდან”.

”დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არტილერიის გასროლა ისმოდა აფხაზების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ასევე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბომბა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შენობა ჩხალთაში ვერტმფრენიდან”, – განუცხადა დღეს მალხაზ აქიშბაიამ ტელეკომპანია ”მზეს”.


რუსულმა მხარემ უკვე უარყო თბილისის ბრალდებები და მას პროვოკაცია უწოდა.


”საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ზემო კოდორის ხეობის სოფლების ჩხალთას, აჟარასა და ღენწვისის ვერტმფრენიდან დაბომბვის თაობაზე, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის ტერიტორიიდან შეფრინდა, სხვა არაფერია თუ არა პროვოკაცია”, – იუწყება 12 მარტს ”რია ნოვოსტი” რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლის ალექსანდრე დრობიშევსკის სიტყვებზე დაყრდნობით.


სოხუმმა ასევე უარყო რაიმე კავშირი კოდორში მომხდარ ფაქტთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version