2007 წელს 20 ათასი რეზერვისტი გაიწრთვნება

აპრილიდან ეროვნული გვარდია იწყებს რეზერვისტთა სავალდებულო საბრძოლო მომზადებას, რომლის ფარგლებშიც წელს 20 ათასი ქვეითი რეზერვისტის აღჭურვა და მართვა იგეგმება.


ამის შესახებ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა ჯანჯღავამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა.


მისი თქმით, 27-40 წლის ასაკის მამაკაცები და ასევე მოქმედი სტუდენტები, რომლებიც სარეზერვო ასეულებში გაიწვევიან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, 18-დღიანი მომზადების კურსს გაივლიან საცეცხლე, ტექნიკურ, საინჟინრო მიმართულებებით, სავარაუდო მოწინააღმდეგის გაცნობის, სამედიცინო, გადარჩენის კურსს, საველე გასვლასა და აღჭურვაში, ამავე თანამიმდევრობით.


თელავის, მუხროვანის, სენაკის, კოჯრის სამხედრო ნაწილებში 50 დღის განმავლობაში ორი 500-კაციანი რეზერვისტთა კონტიგენტის მომზადება იგეგმება, რომლებიც ამავე სამხედრო ნაწილებზე იქნებიან მიმაგრებულნი.


ჯანჯღავას განცხადებით, საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ ყველა რეზერვისტი მიიღებს საბრძოლო დავალებას და პირადობის დამადასტურებელ სპეციალურ მოწმობას. 


”ალბათ ჩვენ მათ არ დავუძახებთ ხანძრის ჩასაქრობად ან წყლის საზიდად და დავუძახებთ მაშინ, როცა ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის არის დარღვეული”, – განაცხადა 9 მარტს ნიკა ჯანჯღავამ პარლამენტში.


მისი თქმით, გამოძახების შემთხვევაში რეზერვისტი თავის სამხედრო ნაწილში 72 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს.


ასევე დაგეგმილია იმ რეზერვისტთა 27 ბატალიონის[სულ 8702 რეზერვისტი]  გადამზადება, რომლებმაც მომზადების კურსი 2004-2006 წლებში გაიარეს.


ეროვნულმა გვარდიამ აღნიშნული გეგმა შეიმუშავა სავალდებულო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონის საფუძველზე, რომელიც პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო.


კანონი არ ვრცელდება მასწავლებლებზე, ექიმებზე, რკინიგზის ტექნიკურ პერსონალზე, მოსამართლეებზე, დიპლომატებზე, სასულიერო პირებსა და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლებზე.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version